შვეიცარიელმა კორინა სუტერმა დაშვების რბოლაში, დაძაბულ პაექრობაში, 0.16 წამით აჯობა მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, იტალიელ სოფია გოჯას და ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა.
მათ შორის პირველმა გოჯამ იასპარეზა. სუტერმა, ვინც დაშვებაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, მისი დროის გაუმჯობესება შეძლო. აღსანიშნავია, რომ გოჯამ მუხლის ტრავმის მოშუშების შემდეგ, პირველად სწორედ პეკინის ოლიმპიადაზე იასპარეზა. ამიტომ, ვერცხლის მედლითაც კმაყოფილი დარჩა.
„ეს ჩემ ცხოვრებაში უდიდესი ოცნება იყო. დღეს მე არ ვიცი, რა უნდა ვთქვა. ფინიშის სიახლოვეს, მე წარმოდგენა არ მქონდა, რამდენად კარგი გამოსვლა მქონდა, რადგან ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ქარი ხან ჩემ საპირისპიროდ ქროდა, ხან გვერდიდან და ხან ზურგიდან. მოკლედ, დღეს რბოლა იოლი არ ყოფილა, მაგრამ ახლა ზე ბედნიერი ვარ“, - განცხადა 27 წლის სუტერმა.
სამთო თხილამურობის ოლიმპიურ ტურნირზე, მედლების ჩათვლაში შვეიცარია ლიდერობს. სუტერის გარდა, ოქროს მედალს ლარა გუტ-ბერამიც დაეუფლა, ვინც ქალთა სუპერ გიგანტი მოიგო. მამაკაცებში ოქროს მედლებს მათი თანაგუნდელები, ბიტ ფოიცი (დაშვება) და მარკო ოდერმატი (გიგანტური სლალომი) დაეუფლნენ.
1980 წლის ლეიკ პლესიდის ოლიმპიადის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქალთა და მამაკაცთა დაშვების რბოლები, ერთი ქვეყნის მოთხილამურეებმა მოიგეს.
29 წლის გოჯას უკეთესი შედეგი ექნებოდა, რომ არა ფინიშთან დაშვებული მცირე შეცდომა. მან უკან მოიტოვა თანამემამულე ნადია დელაგო, ვინც ბრინჯაოს დასჯერდა.