ფეხბურთი

22:00 | 15.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

იასპერ სილესენმა ოპერაცია გაიკეთა და გიორგი მამარდაშვილის შანსი გაიზარდა

„ვალენსიას“ მეკარე იასპერ სილესენი ტრავმირებულია და რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს. ინფორმაციას რამდენიმე ესპანური გამოცემა ავრცელებს, მათ შორის, As-ი.

32 წლის ნიდერლანდელი მეკარე, რომელიც „სევილიასთან“ მიღებულ ტრავმას იშუშებდა, მზად იყო მოედანზე „ბარსელონასთან“ 20 თებერვალს გასამართ შეხვედრაში დაბრუნებულიყო, მაგრამ ახლა დაზიანება მეორე ფეხზე მიიღო. როგორც გაირკვა, მას კუნთში სისხლის შედედება აქვს და უკვე ოპერაციაც გაიკეთა.

Marca-ს ცნობით, „ბარსასთან“ უახლოეს მატჩში ხოსე ბორდალასი ისევ გიორგი მამარდაშვილს ენდობა. ზოგადად, სილესენის არყოფნაში ესპანელი სპეციალისტი დიდი ალბათობით, აქცენტს სწორედ 21 წლის ქართველ კიპერზე გააკეთებს.

მამარდაშვილმა „ვალენსიას“ მაისურით ბოლო ერთ კვირაში სამჯერ ითამაშა, „სოსიედადთან“, „ბილბაოსთან“ და „ალავესთან“, ურიგო შთაბეჭდილება კი, არ დაუტოვებია. მთლიანობაში გიორგის აქტივში მიმდინარე სეზონში 9 თამაშია, საიდანაც სამჯერ კარი მშრალად შეინახა.

შეგახსენებთ, „ვალენსია“ ლა ლიგის 25-ე ტურში „ბარსელონას“ უმასპინძლებს, მერე „მალიორკას“ ესტუმრება, ხოლო 2 მარტს, ესპანეთის თასის საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაში „ბილბაოს“ უმასპინძლებს.

0.121549