„დინამო თბილისმა“ თურქული შეკრება დაასრულა და ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში ტაშკენტის „ფახთაქორი“ იოლად, 3:0 დაამარცხა.
კახა ცხადაძის გუნდი უპირატესობას ფლობდა და გამარჯვებაც დამსახურებულად მოიპოვა. პირველ ტაიმში ანგარიში სტანისლავ ბილენკიმ გახსნა, ხოლო მეორე ნახევარში თბილისელებმა უპირატესობა ანზორ მექვაბიშვილისა და ნიკა მალის გოლებით გაზარდეს.
„დინამო თბილისმა“ თურქულ შეკრებაზე 7 ამხანაგური თამაში ჩაატარა. „ფახთაქორის“ გარდა, მოსკოვის „დინამო“ დაამარცხა (1:0), სერბულ „ნაპრედაკთან“ (1:1), დანიურ „რანდერსთან“ (1:1) და უკრაინულ „ლვოვთან“ (0:0) ფრეს დასჯერდა, ხოლო ბულგარულ „ლუდოგორეცთან“ (0:1) და კიევის „დინამოსთან“ (0:1) დამარცხდა.
აქვე გეტყვით, რომ „დინამო თბილისი“ საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველ ტურში 25 თებერვალს, ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს.