მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა BBC-ის ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ საკუთარი პრინციპების დასაცავად მზადაა ნებისმიერ ტიტულზე უარი თქვას. როგორც სერბმა ჩოგბურთელმა აღნიშნა, მისთვის შინაგანი ჰარმონია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩოგბურთის თამაში. თუმცა, ამავდროულად, მომავალში ვაქცინის გაკეთება მაინც არ გამორიცხა.
„მზად ვარ, ჩემი პრინციპებისთვის ტიტულებიც გავწირო. შემიძლია ამ საფასურის გადახდა. არ ვარ ვაქცინაციის წინააღმდეგი, მაგრამ მხარს ვუჭერ თავისუფლებას, ყველა ადამიანს აქვს უფლება, გადაწყვიტოს როგორ მოექცეს თავის სხეულს.
იმედი მაქვს, რომ სპორტსმენების მიმართ მოთხოვნები შეიცვლება. მინდა, კიდევ ბევრი წლის განმავლობაში ვითამაშო, მაგრამ ჩემი რწმენის გულისთვის მზად ვარ სპორტულ ამბიციებს თავი დავანებო. ჩემი სხეული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი ტიტული. ჩემთვის შინაგანი ჰარმონია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონკურენცია.
თუმცა, მზად ვარ, მომავალში შესაძლო ვაქცინაციისთვის, რადგან მინდა, პანდემია რაც შეიძლება მალე დასრულდეს. დეკემბერში, კორონავირუსი მეც მქონდა. კოვიდი არ არის კომფორტი ან ბედნიერება, მილიონობით ადამიანი იტანჯება ამის გამო და ამ ავადმყოფობას სერიოზულად ვუყურებ“, - თქვა ჯოკოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩს იანვარში ავსტრალიის ღია პირველობის გამოტოვება აუცრელობის გამო მოუწია, რადგან ავსტრალიის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვა.