ავტოსპორტი

1:25 | 15.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ალფატაური“ ოპტიმიზმს არ მალავს

„რედ ბულის“ მეორე გუნდმა „ალფატაურიმ“, საზოგადოებას თავისი ახალი სარბოლო ავტომობილი, AT03 წარუდგინა. ის ახალი ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად და საბიუჯეტო შეზღუდვების პირობებში არის შემუშავებული და გუნდი იმედოვნებს, რომ თანაბარი ფინანსური შესაძლებლობების წყალობით, ფორმულა 1-ის გუნდების დონეც გათანაბრდება.

გუნდს იგივე პილოტები ყავს - ფრანგი პიერ გასლი და იაპონელი იუკი ცუნოდა. ფერები იგივე შენრჩუნდა. გაქრა წარწერა H, რომელიც „ჰონდასთან“ პარტნიორობის ნიშანი იყო. ის მომცრო HRC-მ შეცვალა, რაც „ჰონდა რეისინგ კომპანის“ ნიშნავს. ეს კომპანია „ჰონდას“ ძრავებს „რედ ბულის“ და „ალფატაურისთვის“ დაამზადებს და მოემსახურება.

ძრავის შენარჩუნება ნიშნავს, რომ „ალფატაურის“ კვლავაც ექნება საშუალო გუნდებში დარჩენის შანსი. თუმცა მის მიზანს წინსვლა და ლიდერებთან მიახლოება წარმოადგენს.

გასლი ამბობს, რომ ყველა გუნდს ახალი მანქანის სუფთა ფურცლიდან შექმნამ მოუწია, რაც მათ შანსებს მეტნაკლებად ათანაბრებს. გასლი გასულ სეზონში სტაბილური იყო - 22-დან 15 რბოლაში ქულები დააგროვა.

რაც შეეხება ცუნოდას, 21 წლის პილოტმა შარშან დაგვანახა, რომ ის სწრაფია, მაგრამ სტაბილურობა აკლია. ის გუნდში „ჰონდას“ პროტეჟირებით მოხვდა და რამდენადაც კვლავ მისი წევრია, ეს ნიშნავს, რომ „ალფატაური“ მას ენდობა.

სამშაბათს თავის ახალ სარბოლო ავტომობილს „უილიამსი“ გვიჩვენებს, „ფერარი“ ამას ხუთშაბათს გააკეთებს, პარასკევს კი ახალ „მერსედესს“ ვიხილავთ.

0.15683