ფეხბურთი

14:38 | 14.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუკასლმა" ზედიზედ სამი თამაში მოიგო და გასავარდნ ზონას თავი დააღწია

„ნიუკასლ იუნაიტედში“ გასული წლის მიწურულს მფლობელები შეიცვალა და სამომავლოდ ინგლისურ კლუბს დიდი გეგმები აქვს. თუმცა, მანამდე მთავარი მიზანი პრემიერლიგაში დარჩენაა, რისთვის პირველი ნაბიჯები იანვარში გადაიდგა, როცა სატრანსფერო ბაზარზე ძალიან იაქტიურა და რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა.

ედი ჰაუს გუნდი პირველ შედეგებს უკვე იმკის და თუ რამდენიმე ტურის წინ პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება ძალიან სათუო იყო, ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა.

„ნიუკასლს“ პრემიერლიგაში 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და 2022 წელს არ დამარცხებულა. უფრო მეტიც, ბოლო სამი მატჩი მოიგო - „ლიდსთან“ (1:0), „ევერტონთან“ (3:1) და „ასტონ ვილასთან“ (1:0), რის შედეგადაც გასავარდნი ზონა დატოვა.

„ნიუკასლ იუნაიტედს“ 23 თამაშში 21 ქულა აქვს და მე-17 ადგილზე აღზევდა. საინტერესოა, რომ ჰაუს გუნდს სეზონში სულ 4 თამაში აქვს მოგებული - ბოლო სამ ტურში სამი და მანამდე 19 ტურში - ერთი. ფაქტია, „ნიუკალსს“ იანვარში გაძლიერება უკვე დაეტყო.

0.11908