შვეიცარიელმა მარკო ოდერმატმა მამაკაცთა შორის გიგანტური სლალომის რბოლა მოიგო და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ორი ცდის ჯამში, მან მხოლოდ 0.19 წამით აჯობა აჯობა სლოვენიელ ზან კრანიეცს. ბრინჯაოს მედალს კი ფრანგი მატიო ფევრე დაეუფლა.
რბოლის პირველი ნაწილი, ძლიერი თოვის აკომპანიმენტით გაიმართა, რაც ხედვას აუარესებდა. ამინდის გამო, მეორე ცდის დაწყება 75 წუთით გადაიდო. გაუმჯობესებულ ამინდში, დაძაბული პაექრობა გაჩაღდა, რომელშიც მსოფლიო თასის ლიდერმა გაიმარჯვა.
„დაუჯერებელია. რთული დღე იყო, ცუდი ამინდით და ორ ცდას შორის ხანგრძლივი მოლოდინით. ჩემთვის ეს ყველაფერი ხუთი საათი გაგრძელდა. შუალედში ცოტა დაძინებაც ვცადე. ასეთ შედეგზე არასდროს მიოცნებია, ახლა კი თავი სიზმარში მგონია“, - განაცხადა 24 წლის ოდერმატმა, ვინც რბოლის დაწყებამდე გამორჩეული ფავორიტი იყო - მიმდინარე სეზონში, გიგანტური სლალომის ხუთი რბოლიდან, ოთხი მოგებული აქვს და ერთხელ მეორე ადგილს დასჯერდა.
მას რეალური მეტოქეობა მხოლოდ კრანიეცმა გაუწია, ვინც პიონჩანის თამაშებზე მეოთხე ადგილზე გავიდა. ამჯერად მან საუკეთესო მეორე ცდა შეასრულა და კარგა ხანს ლიდერი იყო. საბოლოოდ, მხოლოდ ოდერმატმა შეძლო მისი ჯობნა.
კრანიეცის საუკეთესო დროის გამო, მის ყველა მეტოქეს გარისკვამ მოუწია, რამაც მათ ცუდი სამსახური გაუწია. ავსტრიელმა მანუელ ფელერმა აგრესიული სტილი აირჩია, მაგრამ ერთგან გზას ასცდა და რბოლა ვერ დაასრულა. იტალიელი ლუკა დე ალიპრანდინი გასასვლელს წამოედო და ისიც გავარდა. ნორვეგიელი ჰენრიკ კრისტოფერსენი გასასვლელს თითქმის გასცდა და მიუხედავად იმისა, რომ ფინიშს მიაღწია, შეცდომით გამოწვეული დანაკარგის ამოქაჩვა ვეღარ მოახერხა.
ოდერმატსაც გარისკვა დასჭირდა, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, შეცდომა არ დაუშვია. საბოლოოდ, მეორე ცდაზე კრანიეცს 0.59 წამით ჩამორჩა, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა კარიერაში პირველი ოლიმპიური მედლის მოსაპოვებლად.
„გარისკვა დამჭირდა. მეორე ცდაზე ყველგან ვრისკავდი, რადგან უბრალოდ მედალი კი არა, ოქროს მედალი მინდოდა. ეს კი ძნელია, რადგან შეიძლება ყველაფერი დაკარგო. მაგრამ დღეს ამან გაამართლა“, - განაცხადა ჩემპიონმა.