ბლოგი

11:40 | 13.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბედნიერება - მორიგი ოლიმპიადა ურუსეთოდ!

ქართველებისთვის ზამთრის ოლიმპიადა თავისი მნიშვნელობით ზაფხულის ოლიმპიადაზე ლამის ათჯერ დაბლა დგას, მაგრამ თუკი ქართველს (და არა მხოლოდ ქართველს) ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადა სიამოვნებას ანიჭებს ეს იმის გააზრება და შესაბამისად განცდაა, რომ რუსეთი ამ უდიდეს სპორტულ ფორუმზე კიდევ ვერ იღებს მონაწილეობას და შესაბამისად, წინ სულ ოქროს მედლებიც რომ დაიხვავონ, რუსეთის ჰიმნს ერთხელაც კი არ მოვისმენთ. მაშ ეს ბედნიერება არაა?!

ანალოგიური სიამე ვიგრძენით შარშან, კორონა-პანდემიის გამო ერთი წლით გვიან ჩატარებული ზაფხულის ოლიმპიადის დროსაც, თუმცა მაშინ ქართველებს რუსეთის ნაკრების მიყურისძირებაზე ბევრად მნიშვნელოვანი ინტერესი გვქონდა, რადგან სპორტის სხვადასხვა სახეობებში მედლებს ველოდებოდით, ჩვენი ათლეტები გვყავდა საგულშემატკივრო და მათზე ნერვიულობაც მთავარი პრიორიტეტი იყო. ახლა კი, როდესაც ვიცით, რომ სამწუხაროდ, ეს ზამთრის ოლიმპიადაც ქართველების მიერ მედლების მოპოვების გარეშე დასრულდება, მთელი ყურადღება იმ ცარიელი ადგილისკენ გვაქვს მიპყრობილი, სადაც რუსეთის დროშა უნდა ფრიალებდეს და რუსული ჰიმნი უნდა ისმოდეს.

სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე მასობრივად მოხმარებული დოპინგის (და სხვა აკრძალული სტიმულატორების) გამო სანიმუშოდ დასჯილი რუსეთის გუნდის ნაცვლად წელს პეკინში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ნაკრების სახელით ჩასულმა სპორტსმენებმა უკვე დაიწყეს მედლების მოპოვება (ეს მიღწევები რუსეთისგან რა გასაკვირია?!), მაგრამ ეს არც რუსეთის საერთო სტატისტიკაში (ყულაბაში) ითვლება და სპორტსმენებსაც ოლიმპიური კომიტეტის ნაკრების სახელით მოპოვებული მედლების სადმე საერთაშორისო მუზეუმში გამოფენაც კი შეზღუდული ექნებათ.

რა თქმა უნდა, ყველა რუსი სპორტსმენი დოპინგდამოკიდებული ნაძირალა არაა და ყველა არ იბრძვის უნამუსო ხერხებით. მაგრამ ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ როგორც მსოფლიოს ოლიმპიური კომიტეტის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რუსი ოლიმპიელების მასობრივი დადოპინგება, არც მეტი არც ნაკლები, რუსეთის სპორტის სამინისტროს და შესაბამისად რუსეთის სახელმწიფოს გადაწყვეტილება იყო, რაც თვალნათლივ გვიჩვენებს იმ ბოროტების მასშტაბზე, რაც რუსეთში სპორტის და არამხოლოდ სპორტის კუთხით დუღს და თუხთუხებს.

უკანასკნელი 3-4 ათწლეულის განმავლობაში დოპინგის გამოყენებაზე მრავალი ქვეყნის სპორტსმენი დასჯილა (და მომავალშიც ბევრი დაისჯება) მაგრამ ეს შემთხვევები, როგორც წესი, იყო სპორტსმენის, მისი მწვრთნელის ან ექიმის უნამუსო გადაწყვეტილება, რომლებსაც იოლი გზით სურდათ წარმატების მოპოვება და ეს საბოლოოდ დაუსჯელი არ დარჩენილა. მაგრამ რუსეთის შემთხვევა უნიკალურია თავისი მასშტაბებით და ასევე იმითაც, რომ აქამდე რომელიმე ქვეყნის სახელმწიფო მანქანა ასე პირდაპირ და “ნაგლად“ არასოდეს ჩართულა ამგვარ შავ საქმეებში და მერე ასე უტიფრად არ უმტკიცებიათ, “სრულიად უდანაშაულოები ვართ და ყველაფერი ჩვენი კონკურენტების გამოგონილიაო“.

გავა წლები, რუსეთის ოლიმპიურ ნაკრებსაც გაუვა დისკვალიფიკაციის ვადა და ეღირსებათ მათთვის საყვარელი და მრავალი ქვეყნისთვის და ერისთვის უბედურების მომტანი რუსული სიმბოლოების გამომზეურება, მაგრამ დედამიწის ზურგზე არავინაა დარწმუნებული, რომ რუსეთი მომავალშიც იგივეს არ გააკეთებს. რუსეთისგან ყოველთვის, ყველგან და ყველა სფეროში საერთოდ ყველაფერია მოსალოდნელი. სხვისი რა გითხრათ და ქართველებმა ეს დიდი ხანია ვიცით. იმედია სხვებიც ირწმუნებენ, რომ რუსეთისგან კარგი პარტნიორი და თუნდაც ღირსეული მეტოქე არასოდეს გამოვა. ეს ქვეყანა ასეთი იყო, არის და სამწუხაროდ მუდამ ასეთი იქნება!

0.115108