ფეხბურთი

15:05 | 12.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბექა მიქელთაძემ ავსტრალიის ჩემპიონატში მე-7 გოლი გაიტანა (+VIDEO)

ბექა მიქელთაძე ავსტრალიის ჩემპიონატში შედეგიან თამაშს აგრძელებს და მორიგი გოლი გაიტანა. „ნიუკასლ ჯეტსის“ ქართველმა ფეხბურთელმა ამჯერად თავი „მელბურნ ვიქტორის“ წინააღმდეგ გამოიჩინა.

„ნიუკასლმა“ პირველი ტაიმი წააგო, მაგრამ მეორე ნახევარში ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 69-ე წუთზე მიქელთაძემ პენალტით გამარჯვების გოლი გაიტანა - 2:1.

24 წლის ქართველ ფეხბურთელს 8 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი და ავსტრალიის A ლიგის ბომბარდირთა დავას ჯეიმი მაკლარენთან ერთად ლიდერობს. უნდა აღინიშნოს, ბექამ გოლი ზედიზედ მეხუთე მატჩში გაიტანა.

„ნიუკასლ ჯეტსმა“ ამ გამარჯვებით 11 ქულა დააგროვა და მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 18 თებერვალს, სტუმრად „მელბურნ სიტის“ შეხვდება.

0.120404