კალათბურთი

11:27 | 12.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის 10 წუთი და ოვაციები კარის ლევერტს: "ინდიანამ" ზედიზედ მე-5 მატჩი წააგო (+VIDEO)

„პეისერსის“ ფანები კარის ლევერტს ხმამაღალი ოვაციებით შეხვდნენ. „ინდიანას“ ყოფილ კალათბურთელს გუნდმა პატივი თამაშის პირველ ტაიმაუტში მიაგო, როდესაც დიდ მონიტორზე მისი "ინდიანაში" ჩატარებული გამორჩეული მომენტების კოლაჟი გავიდა. შემდეგ კი ის მოედანზე გამოვიდა და ის გააკეთა, რაც ყველაზე კარგად გამოსდის - ითამაშა მაღალ დონეზე.

27 წლის ფორვარდმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე 35:34 წუთი გაატარა, რა დროშიც 22 ქულა, 2 მოხსნა, 5 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება შეასრულა.

''ამაღამ იმაზე მეტი მივიღე, ვიდრე ერთი კვირის წინ. ეს ნამდვილად უცნაური შეგრძნება იყო, რადგან ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ „ინდიანაში“ ვთამაშობდი, ახლა კი მის წინააღმდეგ. ნამდვილად კარგი იყო გამარჯვების მოპოვება“, - თქვა მატჩის შემდგომ ლევერტმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 1 კვირის წინ „ჩიკაგო ბულსთან“ ჩატარებულ შეხვედრაში კარისმა მისთვის რეკორდული 42 ქულის ჩაგდება მოახერხა და დღესაც ახალ გუნდს იმედები არ გაუცრუა. მასზე კარგი შედეგი „კლივლენდიდან“ მხოლოდ ჯარეტ ალენს ჰქონდა, რომელმაც 22 ქულით და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

კევინ ლავმა კი 14 ქულა ჩააგდო და „კლივლენდში“ 7001 ქულა დაუგროვდა. მას კიდევ 10 ქულა სჭირდება, რომ კარიერაში 14 000-ს ქულიან ზღვარს გადასცდეს.

უშუალოდ „ინდიანასა“ და „კლივლენდის“ შეხვედრა „პეისერსის“ უპირატესობით დაიწყო და რომ არა ბოლო 15 წუთში ნაჩვენები ცუდი თამაში, ბითაძის გუნდი აღნიშნულ შეხვედრას დიდი ანგარიშით მოიგებდა.

პირველ პერიოდში „ინდიანაპოლისელებმა“ 19-ქულიანი ფორა მოიპოვეს, მეორეში კი ეს უპირატესობა 11-ქულამდე დავიდა. მესამე პერიოდში "პეისერსმა" სხვაობა 16 ქულამდე გაზარდა, თუმცა, ბოლო 15 წუთში ლევერტის შეტევისა და დაცვის კომბინაციების ხარჯზე, „კავალიერსმა“ ჯერ სხვაობა აღმოფხვრა და შემდეგ თავად მოიგო 7 ქულით - (120:113).

"სწორედ ამიტომ უნდოდათ კარის დამატება "კლივლენდში". მათ ამის გამო რამდენიმე მოთამაშეზე უარიც განაცხადეს. ჩვენთვის კარგი სულაც არ არის ლევერტის დაკარგვა, რადგან ვიცი, თუ რა შეუძლია მას“, - თქვა „ინდიანას“ მთავარმა მწვრთნელმა რიკ კარლაილმა.

ამერიკელი კალათბურთელის თამაში „კლივლენდის“ მთავარმა მწვრთნელმა - ჯეი ბი ბიკერსთაფმაც შეაფასა:

''კარისი სრულყოფილი კალათბურთელია. ის მხოლოდ შემტევი მოთამაშე არ არის. მან ზუსტად იცოდა, რა გვჭირდებოდა შედეგის მისაღწევად, თამაშში დასაბრუნებლად და ასეც მოხდა“,

თავად „პეისერსი“ რომელმაც ამ კვირაში სამი კალათბურთელი დაიმატა, განსხვავებულ გუნდს ჰგავდა. ტაირის ჰალიბერტონმა სადებიუტო შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა და გუნდს 23 ქულა, 3 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა შესძინა. მატჩის დასაწყისში „ინდიანამ“ 12-დან 10 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო პირველ მეოთხედში NBA-ის ფრენჩაიზის რეკორდი - 47 ქულა მოაგროვა.

„ინდიანადან“ კრის დუარტემ 18 ქულა მოაგროვა, ბადი ჰილდმა კი 16 ქულა და 9 მოხსნა. ჯელენ სმიტმა 12 ქულა ჩააგდო, ხოლო ისაია ჯექსონმა 11.

რაც შეეხება გოგა ბითაძეს, ქართველმა კალათბურთელმა აღნიშნულ შეხვედრაში 9:59 წუთი ითამაშა. ჩვენებური კვლავ სასტარტო ხუთეულიში იყო (მიმდინარე სეზონში მეხუთედ), მის ანგარიშზე კი 1 მოხსნა, 1 პასი, ამდენივე ჩაჭრა და დაფარება იყო. მან 3 პერსონალირი ფოლი მიიღო და ფარის მიმართულებით 3-ჯერ ისროლა, თუმცა, ყველა არაზუსტად. მან 1 სამქულიანი და 2 ორქულიანი გააფუჭა.

მატჩის შემდეგ „პეისერსის“ მწვრთნელმა რიკ კარლაილმა თქვა, რომ მაილს ტერნერის დაბრუნებას ელის, რომელიც გუნდს ყველა ვარსკვლავის მატჩის შემდეგ დაუბრუნდება. ტერნერს 14 იანვრის შემდეგ არ უთამაშია, რადგან მარცხენა ფეხის ტრავმა მიიღო და შეიძლება ითქვას სწორედ ამ ფაქტმა შეაჩერა ის გუნდში.

„ინდიანამ“ ზედიზედ მე-5 მარცხი განიცადა და 19 გამარჯვების წილ 38 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა. გოგა ბითაძე და მისი თანაგუნდელები მომდევნო შეხვედრას 13 თებერვალს, „შინ, „მინესოტას“ წინააღმდეგ ჩაატარებენ. რაც შეეხება „კლივლენდს“, მან ზედიზედ 4 გამარჯვებით 35 მოგება და 21 მარცხი დაუგროვდა, აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 პოზიციაზე იმყოფება და მხოლოდ „მაიამი ჰიტს“ ჩამორჩება. ჯეი ბი ბიკერსთაფის შეგირდები 13 თებერვალს „ფილადელფიას“ შეხვდებიან.

0.13089