იტალიური „მილანი“ ახლოსაა ფრანგული „ლილის“ ცენტრალური მცველის, სვენ ბოტმანის შეძენასთან. ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
22 წლის ნიდერლანდელ ფეხბურთელთან „როსონერის“ ხელმძღვანელობამ შეთანხმებას უკვე მიაღწია, ახლა კი „ლილთან“ მოლაპარაკებებს დაიწყებს. ნიჭიერი მცველის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი ევროა.
სვენ ბოტმანი „ლილში“ 2020 წელს „აიაქსიდან“ 8 მილიონ ევროდ გადავიდა და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 21 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
ნიდერლანდელი ფეხბურთელი „მილანში“ ალესიო რომანიოლის შემცვლელად განიხილება, რომელსაც იტალიურ გრანდთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში ეწურება და დიდი ალბათობით, გუნდს დატოვებს.