ინგლისური „ბრენტფორდის“ ფეხბურთელმა კრისტიან ერიკსენმა განაცხადა, რომ 5 წუთით კლინიკური სიკვდილი განიცადა. როგორც დანიელმა ნახევარმცველმა BBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა, იმ 5 წუთის გარდა, ყველაფერი ახსოვს, რაც მაშინ მოხდა.
„ეს სამყარო 5 წუთით დავტოვე, შემდეგ კი გულმა მუშაობა ისევ დაიწყო. ყველაფერი მახსოვს, გარდა იმ ხუთი წუთისა. ჩავიკეცე, ბურთი მუხლში მოხვდა და მერე აღარ მახსოვს რა მოხდა.
შემდეგ გავიღვიძე და ირგვლივ ხალხი იდგა, ვცდილობდი სუნთქვა მომეწესრიგებინა. თვალები რომ გავახილე, ვერ მივხვდი რა ხდებოდა. იმ მომენტში წარმოდგენა არ მქონდა რა დამემართა. თავიდან ვიფიქრე: „ფეხზე რამე დამემართა? ხერხემალი მოვიტეხე? შემიძლია ფეხი მაღლა ავწიო? ვცდილობდი მიკრომოძრაობები გამეკეთებინა, რომ გამეგო ზუსტად რა დამემართა.
სასწრაფო დახმარების მანქანაში გავიგე, რომ იკითხეს: „რამდენი ხანი იყო უგონოდ? და ვიღაცამ უპასუხა: „5 წუთი“. მაშინ პირველად გავიგე, რომ 5 წუთის განმავლობაში ამ სამყაროში არ ვიყავი. ჰგავს თუ არა, ეს სასწაულს? ცალსახად“, - თქვა ერიკსენმა.
შეგახსენებთ, კრისტიან ერიკსენს გულის შეტევა დანია - ფინეთის მატჩში 12 ივნისს დაემართა. მან კარიერა ცოტა ხნის წინ განაახლა და მიმდინარე სეზონის ბოლომდე კონტრაქტი „ბრენტფორდთან“ გააფორმა. დანიელ ფეხბურთელს მანამდე „ინტერის“ დატოვება მოუწია, რადგან იტალიაში დეფიბრილატორით თამაში აკრძალულია.