სხვა

0:44 | 8.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიგანტურ სლალომში ოქრო შვედმა ჰექტორმა მოიპოვა

პეკინის ოლიმპიადის სამთო მოთხილამურეთა პროგრამა. ქალთა გიგანტური სლალომით გაიხსნა, რომელიც შვედმა სარა ჰექტორმა მოიგო. ვერცხლის მედალს დასჯერდა იტალიელი ფედერიკა ბრინიონე, ბრინჯაოს კი შვეიცარიელი ლარა გუტ-ბერამი დაეუფლა.

შეჯიბრს, რომელიც ფერდობ „ყინულის მდინარეზე“ ჩატარდა, პირველივე ცდის შემდეგ, 19 მოთხილამურე გამოეთიშა. მათ შორის იყო მოქმედი ჩემპიონი, ამერიკელი მიკაელა შიფრინი. ჰექტორმა, ვინც მსოფლიო თასზე, გიგანტური სლალომის ლიდერია, კი პირველივე ცდაზე საუკეთესო დრო დააფიქსირა და შემდეგ პირველობის შენარჩუნება აღარ გასჭირვებია. საბოლოოდ, მან 0.28 წამით აჯობა ბრინიონეს.

შვედის მეორე ცდის წინ, ასპარეზობა 15 წუთით შეწყდა, რისი მიზეზიც, ამერიკელი ნინა ო’ბრაიენის ფინშთან დაცემა გახდა. წაქცეულს ადგილზე აღმოუჩინეს პირველადი დახმარება და შემდეგ საკაცით წაიყვანეს. ამერიკის გუნდის განცხადებით, ო’ბრაიენს გონება არ დაუკარგავს.

„ნამდვილი სიგიჟეა. ისეთი ამაყი ვარ, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. ძალიან მოვინდომე. არ ვიცი, ჩემი ემოციები როგორ გამოვხატო. შეჯიბრისას ბევრს ვნერვიულობდი. ახლა კი გრძნობები მოზღვავდა“, - განაცხადა ჩემპიონმა.

ბრინიონესთვის ეს მეოთხე ოლიმპიადაა. პიონჩანში მან ბრინჯაოს აღება შეძლო, პეკინში კი, ვერცხლის დაუფლების შემდეგ განაცხადა, რომ ოცნება აისრულა: „ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს. ოთხი წლის წინათ მესამე ვიყავი და სანამ აქ წამოვიდოდი ვთქვი, თუ აქაც ერთ მედალს ავიღებდი, ეს შესანიშნავი იქნებოდა. ამას პირველივე რბოლაში მივაღწიე“.

0.144238