წარმატებულად დაწყებული პარიზის გრანდ სლემი წარმატებულადვე გრძელდება და საქართველოს ნაკრების სამი წევრიდან ორი მედლისთვის იბრძვის.
უფრო კონკრეტულად და სწორად, ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ვერცხლის მედალი უკვე გაინაღდა და ოქროსთვის იბრძვის, რადგან ფინალშია. ტატომ ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგო ფრანგ ტიზი გნამიენთან, კანადელ ფრანსუა დრაპოსთან და ბელგიელ სამი ჩოუჩისთან. ფინალში მისი მეტოქე იაპონელი სოტარო ფუჯივარა იქნება. აქვე გეტყვით, რომ გრიგალაშვილს 2021 წელს პარიზის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული.
90 კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილს ბრინჯაოს მედლის შანსი აქვს. ქართველმა ძიუდოისტმა ფრანგი ენიელ კაროლი და კუბელი ფელიპე სილვა მორალესი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში გაფრთხილებებით დაძაბულ ბრძოლაში წააგო აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევთან. ბექა, რომელსაც პარიზის გრანდ სლემზე 2018 წელს ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული, ბრინჯაოს მედლისთვის უზბეკ დავლათ ბობონოვს გაეჯიბრება.
ამავე წონაში ასპარეზობდა ლუკა მაისურაძე, რომელიც პირველივე შეხვედრაში 15 წამში იპონით დამარცხდა ფრანგ ალექსის მატიესთან და ასპარეზობას გამოეთიშა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები პარიზში 6 ძიუდოისტით ჩავიდა. 5 თებერვალს, ლაშა შავდათუაშვილი ოქროს მედალს დაეუფლა, ხოლო ჯაბა პაპინაშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.