რაგბი

17:03 | 6.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფრე პორტუგალიასთან: საქართველო წაგებას გადაურჩა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის 2022 წლის გათამაშება წარუმატებლად დაიწყო. „ბორჯღალოსნებმა“ თბილისში, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე პორტუგალიის ნაკრებს უმასპინძლეს და ვერ დაამარცხეს.

მეტიც, ლევან მაისაშვილის გუნდი მარცხთან ახლოს იყო და ბოლოსკენ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. პორტუგალიამ ძალიან მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ქართველ მორაგბეებს და 30-ე წუთამდე მარკესის ორი ჯარიმით იგებდნენ კიდეც.

30-ე წუთზე პირველი ლელო აკა ტაბუცაძემ მიითვალა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა, რასაც თედო აბჟანდაძის გარდასახვა მოჰყვა. მალევე ლელოს ლელოთივე უპასუხეს სტუმრებმა და ისევ წინ გავიდნენ. თუმცა, ტაიმი მაინც საქართველომ მოიგო, რადგან ბოლო წუთზე გარდასახული ლელო მიითვალა.

თუმცა, მეორე ნახევარი მაისაშვილის გუნდმა ცუდად დაიწყო და ჯერ ანგარიში გათანაბრდა, მერე კი პორტუგალიამ მესამე ლელოც დადო და დაწინაურდა - 18:25.

საქართველოს ნაკრებმა მარცხს თავი თორნიკე ჯალაღონიას ლელოთი და აბჟანდაძის გარდასახვით დააღწია - 25:25.

რა თქმა უნდა, პორტუგალიასთან შინ ფრე დადებით შედეგად ვერ ჩაითვლება და გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებს სერიოზული პრობლემები აქვს. „ბორჯღალოსნები“ რაგბი ევროპის მეორე ტურში 12 თებერვალს, სტუმრად ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

საქართველო - პორტუგალია 25:25 (15:11)

ქულები: 0:3 მარკესი (9, ჯ), 3:3 აბჟანდაძე (26, ჯ), 3:6 მარკესი (28, ჯ), 8:6 ტაბუცაძე (30, ლ), 10:6 აბჟანდაძე (31, გ), 10:11 კარდოსო პინტო (36, ლ), 15:11 ქერდიკოშვილი (39), 18:11 აბჟანდაძე (45, ჯ), 18:16 როდრიგო (50, ლ), 18:18 მარკესი (51, გ), 18:23 ლიმა (56, ლ), 18:25 მარკესი (57, გ), 23:25 ჯალაღონია (65, ლ), 25:25 აბჟანდაძე (66, გ)

0.143197