ფეხბურთი

23:49 | 5.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგა: "ბაიერნი" ჩემპიონობისკენ მიიწევს, ოთხეულისთვის დიდი ბრძოლაა

გერმანიის ბუნდესლიგის 21-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მიუნხენის „ბაიერნმა“ „ლაიფციგს“ უმასპინძლა და რთულ ბრძოლაში, მაგრამ მაინც გაიმარჯვა, რითაც ჩემპიონობისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა.

იულიან ნაგელსმანის გუნდი „ვერცხლის სინისკენ“ პრაქტიკულად უკონკურენტოდ მიიწევს. „რეკორდმაისტერი“ საქსონიელებს ორჯერ უგებდა, მაგრამ ორჯერვე სტუმრებმა გაათანაბრეს. თუმცა, 58-ე წუთზე ხორვატმა მცველმა გვარდიოლმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ამ გოლმა გამარჯვება „ბაიერნს“ მოუტანა. შედეგად, მიუნხენური გიგანტი 52 ქულით პირველ ადგილზეა და „დორტმუნდს“ 9 ქულით უსწრებს, მაგრამ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.

ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის გერმანიაში განსაკუთრებული ბრძოლა მიდის, მაგრამ 21-ე წუთი თითქმის ყველასთვის, ვინც ამ პოზიციისთვის პრეტენზიას აცხადებს, წარუმატებელი გამოდგა. ბერლინის „უნიონი“ 34 ქულით ჯერ კიდევ მეოთხე საფეხურზეა, მაგრამ სტუმრად „აუგსბურგთან“ ხელმოცარული დარჩა - 0:2. წააგო „ფრაიბურგმა“, რომელიც „კიოლნთან“ ვერაფერს გახდა და 33 ქულით მეხუთეა. სამაგიეროდ, სწორედ „კიოლნი“ შეუერთდა ბრძოლას, რადგან 32 ქულით მეექვსე ადგილზე აღზევდა. შემდეგ სამი გუნდი მოდის 31-31 ქულით „ლაიფციგი“, „ჰოფენჰაიმი“ და „აინტრახტი“. ზინსჰეიმელები „მაინცთან“ სტუმრად დამარცხდნენ და სხვათა შორის, ეს ზედიზედ მესამე წაგება იყო მათთვის, ხოლო „აინტრახტმა“ გასვლაზე „შტუტგარტს“ აჯობა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ბუნდესლიგაში მესამე ადგილიდან მეათე ადგილამდე ქულათა სხვაობა მხოლოდ და მხოლოდ 5 ქულაა...

„არმინია“ – „გლადბახი“ 1:1 (1:1)

გოლები: 1:0 სერა (19), 1:1 პლეა (38)

„აუგსბურგი“ – „უნიონი“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 გრეგორიტში (16), 2:0 ჰანი (59)

„კიოლნი“ – „ფრიაბურგი“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 მოდესტე (23)

„მაინცი“ – „ჰოფენჰაიმი“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ლი (79), 2:0 ნიახატე (83)

„შტუტგარტი“ – „აინტრახტი“ 2:3 (1:1)

გოლები: 0:1 ნ’დიკა (7), 1:1 ანტონი (42), 1:2 ჰრუსტიჩი (47), 2:2 კალაიჯიჩი (70), 2:3 ჰრუსტიჩი (77)

„ბაიერნი“ – „ლაიფციგი“ 3:2 (2:1)

გოლები: 1:0 მიულერი (12), 1:1 ანდრე სილვა (27), 2:1 ლევანდოვსკი (44), 2:2 ნკუნკუ (53), 3:2 გვარდიოლი (58, ა.გ)

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.145457