ბლოგი

13:47 | 5.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ჩემპიონატის თავსატეხი

სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს საფეხბურთო ლიგებში მოთამაშე კლუბების რაოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმები ერთმანეთისაგან მეტად განსხვავებულია და ეს განსხვავებულობა ხშირ შემთხვევაში კამათსა და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.

არსებობს აზრი, რომ ამა თუ იმ ქვეყნის უმაღლეს ლიგაში მოთამაშე გუნდების რაოდენობა ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით უნდა განისაზღვროს. სხვანი მიიჩნევენ, რომ უმთავრეს კრიტერიუმად სახელმწიფოს ტერიტორიული სიდიდე უნდა იყოს აღებული. არიან ადამიანები, რომელებიც ფიქრობენ, რომ მთავარი განმსაზღვრელი ქვეყნის საფეხბურთო ტრადიციები და რეგიონული დაყოფა უნდა გახდეს.

გერმანიის ტერიტორია 357,021 კმ-ს შეადგენს, მოსახლეობა კი 82,314,900 მილიონია. ბუნდესქვეყანა ამ მასშტაბური მაჩვენებლებით ცენტრალურ ევროპაში ერთ-ერთი პირველია, თუმცა გერმანული ფეხბურთის ბოსები მიიჩნევენ, რომ ბუნდესლიგის მხოლოდ 18 გუნდით შემოფარგვლა სწორი გადაწყვეტილება იყო, რამეთუ, კლუბების რაოდენობის 20-მდე ან უფრო მეტად გაზრდა, ბოლო წლებში ისედაც პრობლემებშექმნილ გერმანულ პირველობას უფრო მეტად დააკნინებს და მის საერთო დონეზე უარყოფითად იმოქმედებს.

გერმანიის საპირისპირო მაგალითია ინგლისი (და არა დიდი ბრიტანეთი, რომელიც ცალკე ერთეულად საფეხბურთო რუკაზე არ არსებობს) ინგლისის ფართობი 131 ათასი კვადრატული კილომეტრია, მოსახლეობა კი დაახლოებით 50 მილიონს შეადგენს. ტერიტორიულად შედარებით მცირე ინგლისისათვის პრემიერლიგაში მოასპარეზე 20 კლუბი (იყო დრო, როდესაც პრემიელიგაში 24 და მეტი გუნდიც კი თამაშობდა) ერთი შეხედვით ძალიან ბევრია, თუმცა განა დანაშაული არ იქნება, იმ ქვეყნის ჩემპიონატის კლუბების რაოდენობის შემცირებაზე საუბარი, სადაც სტადიონები მუდამ ივსება და რანგით დაბალ საფეხბურთო ლიგებშიც კი, ხშირად ანშლაგია ხოლმე. ინგლისის შემთხვევაში, გადამწყვეტი როლი ფეხბურთისადმი დამოკიდებულებას და მოსახლეობის რაოდენობას ენიჭება. ამ შემთხვევაში ქვეყნის ტერიტორიული სიდიდე არაფერს ნიშნავს.

საკმაოდ საინტერესოა, საფეხბურთო კუთხით არატრადიციული, ე.წ. ახალი საფეხბურთო ქვეყნების მაგალითები. თუნდაც აშშ-ს მაგალითია ნიშანდობლივი. ამერიკის ფართობი 9,826,630 კმ-ს შეადგენს, მოსახლეობა კი, 303,296,000 ადამიანს, მაგრამ ქვეყნის ამხელა მასშტაბების მიუხედავად, აშშ-ს უმთავრეს საფეხბურთო პირველობაზე 14 კლუბი გამოდის. ასევე შეიძლევა ითქვას რუსეთის ფედერაციაზე, რომლის ტერიტორია უსაზღვროდ და უაზროდ დიდია, თუმცა რუსეთის პრემიერლიგაში 16 კლუბზე მეტი არ ირჯება.

ყველა ეს მაგალითი ცხადყოფს, რომ საფეხბურთო ჩემპიონატის დაგეგმარება მეტად რთული და ამასთან ერთად, ხშირ შემთხვევაში სუბიექტური საქმეა, თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ მოგვიგნია კლუბების იმ ოპტიმალური რაოდენობისათვის, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატში ერთხელ და სამუდამოდ ითამაშებენ და ყველას ეცოდინება, თუ რა ტიპის პირველობაა საქართველოსათვის უპრიანი.

ჯერ იყო და 24-გუნდიანი ჩემპიონატი გვქონდა, მერე მეზობელი რუსეთის მიბაძვით, 16 კლუბამდე ჩამოვედით. ამის შემდეგ, ამ კუთხით რეფორმირების მცდელობები იყო და შვეიცარიის დარად 14-გუნდიანი, თუმცა სეზონის პიკში გაყოფადი პირველობა ავირჩიეთ. შემდეგ კი, ჯერ კლასიკური 14-გუნდიან, შემდეგ კი 12-გუნდიან პირველობაზე გადავედით და როდესაც ქართველ ქომაგს თავგზა საბოლოოდ აებნა, უცბად აღმოვაჩინეთ, რომ უსახსრობის გამო, უმაღლეს ლიგაში ვერმოთამაშე გუნდების გამოკლების შემდეგ, საქართველოს ჩემპიონატი არც მეტი, არც ნაკლები, 11-გუნდიანი გახდა.

ამის მერე ფორმატი კიდევ რამდენჯერმე შეიცვალა და ჩემმა მცდელობამ, მომეძებნა ჩვენი პირველობის ანალოგიური ჩემპიონატი, შედეგი ვერ გამოიღო. ჩვენ ამ საკითხშიც განუმეორებელი და ფრიად ორიგინალური ხალხი ვართ.

0.133109