დიდია შანსი იმისა, რომ 2022 წლის სეზონში, ფორმულა 1-მა უარი თქვას სპრინტერულ საკვალიფიკაციო რბოლებზე, როგორებიც პირველად გასულ სეზნში, სამ ეტაპზე ჩატარდა. ახალ სეზონში, ფ1-ს ექვსი სპრინტერული რბოლის გამართვა სურდა, მაგრამ გუნდების წინააღმდეგობის გამო, ეს შეუძლებელი იქნება.
საქმე ისაა, რომ გუნდები ამის სანაცვლოდ, საბიუჯეტო ჭერის გაზრდას მოითხოვენ. მათი არგუმენტი ისაა, რომ სპრინტერული რბოლების გამო, ხარჯი იზრდება. ახალ სეზონში კი, მათ მაქსიმუმ 135 მილიონი დოლარის დახარჯვის უფლება აქვთ, რაც წინა სეზონის ჭერზე 5 მილიონით ნაკლებია.
ფ1 და საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციას (FIA) ბიუჯეტის ჭერის გაზრდა არ სურთ. შესაბამისად, გუნდები სპრინტ რბოლების რიცხვის გაზრდას არ თანხმდებიან. ფ1-ის კომპრომისი, სპრინტ რბოლების დისტანციის დამოკლება და მხოლოდ სამი ასეთი შეჯიბრის გამართვაა, მაგრამ გუნდებს არც ეს აწყობთ.
იმისათვის, რომ ფორმულა 1-მა თავისი გაიტანოს, ათიდან რვა გუნდის თანხმობა სჭირდება. ეს საკითხი ფ1-ის კომისიაზე, 14 თებერვალს განიხილება.
„მაკლარენის“ მთავარ აღმასრულებელ ზეკ ბრაუნს სურს, რომ სპრინტ რბოლების რიხვი გაიზარდოს და ის ამის წინააღმდეგი გუნდების არგუმენტს არ იზიარებს და თვლის, რომ სპორტისთვის უმჯობესი იქნება, თუ სპრინტების რიცხვი გაიზრდება. სულ სხვა მოსაზრება აქვთ „ფერარის“, „მერსედესს“ და „რედ ბულს“, რომლებიც თვლიან, რომ ბიუჯეტში ჩატევა ისედაც გაუჭირდებათ. სხვათა შორის, შეზღუდვის გამო, „რედ ბულს“ თავისი ჩემპიონის, მაქს ფერსტაპენისთვის ანაზღაურების გაზრდის რესურსი აღარ აქვს.
დიდი ალბათობით, თუ სპრინტ რბოლების რიცხვის გაზრდაზე გუნდებისგან თანხმობას ვერ მიიღებს, ფ1 ამ სეზონში მათ საერთოდ არ ჩაატარებს.