ფეხბურთი

0:06 | 5.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ჰამბურგის" მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე: "მის მიმართ მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ, ცოტა მეტი დრო სჭირდება"

გერმანული „ჰამბურგის“ მთავარმა მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა „დარმშტადტთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა. 46 წლის გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ გიორგის პოტენციალი უკვე გამოჩნდა, მაგრამ მას მაინც მეტი დრო სჭირდება, რადგან ბოლო ორი წელი მისთვის რთული იყო.

„აუცილებლად ცოტა მეტი დრო სჭირდება, რადგან ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრი არ უთამაშია და ფაქტობრივად, მხოლოდ ნეგატიურ მოვლენებს განიცდიდა. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ვესაუბროთ და სიყვარული ვაგრძნობინოთ, რომელიც ბოლო წლებში შეიძლება არ ჰქონდა. მან უკვე მიანიშნა თავის პოტენციალზე, მაგრამ მის მიმართ მომთმენნი უნდა ვიყოთ, თუმცა სწორ გზაზე ვართ და თავდაჯერებულები ვართ. ბურთთან ძალიან, ძალიან კარგია, სხვა წვრილმანები კი შეიძლება ასწავლოთ. ვფიქრობ, რომ კვირას შეცვლაზე თამაში შეუძლია“, - თქვა ვალტერმა.

შეგახსენებთ, „ჰამბურგი“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში 20 ტურის შემდეგ 34 ქულით მეოთხე-მეექვსე ადგილებს „შალკესთან“ და „ჰაიდენჰაიმთან“ ერთად იყოფს, ლიდერ „დარმშტადტს“ კი, რომელსაც 6 თებერვალს ესტუმრება, 5 ქულით ჩამორჩება, მეორეადგილოსან „სანქტ პაულის“ 2, ხოლო მესამეადგილოსან „ვერდერს“ 1 ქულით. გიორგი ჩაკვეტაძე გერმანულ გუნდს მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა.

0.127291