აფრიკის ეროვნებათა თასის ფინალში სენეგალის ნაკრების მეტოქე ეგვიპტის ნაკრები იქნება. კარლოს კეირუშის გაწვრთნილმა ეგვიპტემ მეორე ნახევარფინალში მასპინძელი კამერუნის ნაკრები დაამარცხა.
ნახევარფინალური მატჩი დაძაბული გამოდგა და მისი ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა. იქამდე გუნდებმა 120 წუთის განმავლობაში ვერ შეძლეს გოლის გატანა. თერთმეტმეტრიანების სერიაში კი ანგარიში კამერუნელმა ვენსან აბუბაკარმა გახსნა, მაგრამ ეს ერთადერთი ზუსტი დარტყმა გამოდგა მასპინძელთა მხრიდან, რადგან კამერუნის ნაკრების მომდევნო სამი დარტყმიდან ორი მეკარემ მოიგერია, კლინტონ ჯიემ კი კარს ააცილა და ყველაფერი დასრულდა. თავის მხრივ, ეგვიპტემ სამიდან სამი პენალტი გაიტანა, ისე, რომ მოჰამედ სალაჰს ბურთთან მისვლა არც მოუწია.
ამრიგად, ფინალში ეგვიპტის ნაკრები 6 თებერვალს სენეგალის ნაკრებს შეხვდება. შეგვიძლია ლივერპულურ დუელადაც მოვნათლოთ - მოჰამედ სალაჰი სადიო მანეს წინააღმდეგ.
სხვათა შორის, ეგვიპტეს აფრიკის თასი ყველაზე მეტჯერ, 7-ჯერ აქვს მოგებული, სენეგალის ნაკრებს კი ჯერ ეს ტიტული არ მოუპოვებია: ორჯერ წააგო ფინალი - 2002 და 2019 წლებში.