აფრიკის ეროვნებათა თასის მიმდინარე გათამაშებაში პირველი ფინალისტი გაირკვა - სენეგალის ნაკრები.
ალიუ სისეს გუნდმა, რომელიც ტურნირის ფავორიტია, ხოლო ნახევარფინალში გამოკვეთილი ფავორიტი იყო, ბურკინა ფასოს ნაკრებს 3:1 მოუგო. 70-ე წუთამდე ტაბლოზე ნულოვანი ანგარიში იყო, მაგრამ შემდეგ სენეგალელებმა 6-წუთიან ინტერვალში ორჯერ გაიტანეს - აბდუ დიალომ და იდრისა განა გეიემ მატჩის ბედი პრაქტიკულად 76-ე წუთისთვის გადაწყვიტეს.
მართალია ბურკინა ფასომ ერთი გოლი მალევე გაქვითა, მაგრამ 87-ე წუთზე სადიო მანემ ორბურთიანი სტატუსქვო აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
სენეგალის ნაკრები ზედიზედ მეორედ გავიდა აფრიკის თასის ფინალში, 2019 წელს გადამწყვეტი შეხვედრა ალჟირთან წააგო და ამჯერად ეცდება მიზნის მიღწევას. მეორე ფინალისტი 3 თებერვალს, მასპინძელი კამერუნისა და ეგვიპტეს დაპირისპირებაში გაირკვევა.