იტალიის ნაკრებისა და „რომას“ ნახევარმცველი ნიკოლო ძანიოლო შესაძლოა ზაფხულში „იუვენტუსში“ გადავიდეს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.
როგორც ცნობილი გახდა, ტურინული გრანდის ხელმძღვანელობასთან ფეხბურთელის გარემოცვასთან კონტაქტი უკვე ჰქონდა და დიდი ყურადღებით აკვირდება ნიკოლოსა და „რომას“ შორის მიმდინარე პროცესებს.
საქმე ისაა, რომ ძანიოლოს „ჯალოროსისთან“ კონტრაქტი 2024 წელს ეწურება, მის განახლებაზე მოლაპარაკებები კი შეჩერდა. რომაელთა სპორტულმა დირექტორმა ტიაგო პინტომ 22 წლის იტალიელის გუნდიდან წასვლა არ გამორიცხა: „არც მე და არც არავის შეუძლია იმის გარანტიის გაცემა, რომ ძანიოლო გუნდში დარჩება“, - თქვა პინტომ.
„იუვენტუსი“ მზადაა „რომასთან“ მოლაპარაკებები დაიწყო და ძანიოლოს სანაცვლოდ ფულთან ერთად მოიზე კინი ან ვესტონ მაკკენი დათმოს. „რომასთვის“ ამერიკელი ნახევარმცველი უფრო საყურადღებო ფიგურაა, რადგან კლუბს ამერიკელი მფლობელები ჰყავს და მაკკენის ტრანსფერი აშშ-ში კლუბის მიმართ ინტერესს გაზრდის.
ნიკოლო ძანიოლო „რომაში“ 2018 წლიდან თამაშობს და 95 მატჩში 18 გოლი გაიტანა, 11-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.