იტალიელმა სამთო მოთხილამურემ ფედერიკა ბრინიონემ გამოაცხადა, რომ ვაქცინაციის წინააღმდეგი იყო, მაგრამ იმის გამო, რომ ოლიმპიადაზე საასპარეზოდ, ეს აუცილებელი მოთხოვნაა, თავისი ნების საპირისპიროდ წავიდა და აცრის სრული კურსი გაიარა.
პეკინის ზამთრის ოლიმპიადის ორგანიზატორებმა ჯერ კიდევ შარშან გამოაცხადეს, რომ ოლიმპიადაზე მონაწილეობისთვის, ათლეტები სრულად უნდა იყვნენ ვაქცინირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სამკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევდათ.
„მე ვაქცინაციის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ აცრის სრული კურსი ჩავიტარე. ოლიმპიადა ჩემთვის მეტისმეტად მნიშვნელოვანია. ამიტომ, არჩევანი არ მქონდა. ჩინეთში მივდივარ, რათა გამარჯვებისთვის ვიბრძოლო. ოლიმპიადაზე გამარჯვება დიდი ოცნებაა. ახლა კარგ განწყობაზე ვარ“, - განაცხადა ბრინიონემ.
31 წლის იტალიელი მსოფლიო თასზე სუპერ გიგანტის ჩათვლაში ლიდერობს. კარიერაში სულ მსოფლიო თასის 19 რბოლა აქვს მოგებული. პიონჩანის 2018 წლის ზამთრის თამაშებზე გიგანტურ სლალომში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია