საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ფუტსალის ნაკრების ნაჩვენებ შედეგს გამოეხმაურა და ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა.
„მადლობა ჩვენს ნაკრებს! სამწუხაროა, რომ ფუტსალის ევროპის ჩემპიონატს გამოვეთიშეთ, თუმცა ჩვენმა გუნდმა ქართული ფეხბურთის ახალი ისტორია უკვე დაწერა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე ისტორიაში პირველად იასპარეზა და ჯგუფური ეტაპის გადალახვაც მოახერხა.
ფუტსალის გუნდის თითოეული წევრი, უდიდეს მადლობას იმსახურებს იმ ემოციებისთვის, რომელიც ქართველ გულშემატკივარს მიანიჭა.
გულდაწყვეტილი ვარ, რადგან დღევანდელ თამაშში ბიჭების საოცარი მონდომება და თავდაუზოგავი ბრძოლა დავინახეთ, რამაც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან მოგების იმედი გაგვიჩინა. თუმცა, ამაყი ვარ ჩვენი ბიჭებით - მათ შეძლეს და ჩვენი ქვეყანა ევროპის საუკეთესო 8 ნაკრებში მოახვედრეს.
მადლობა ჩვენ საამაყო ბიჭებს თავდაუზოგავი ბრძოლისთვის და დაუვიწყარი ემოციებისთვის! ისტორიას აუცილებლად ექნება გაგრძელება“, - დაწერა კობიაშვილმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი თამაში ჩაატარა: აზერბაიჯანს (3:2) და ბოსნიას (2:1) მოუგო, ხოლო ესპანეთთან (0:8) და რუსეთთან (1:3) დამარცხდა, რის შედეგადაც ევროპის საუკეთესო რვა გუნდს შორის მოხვდა.