საქართველოს ფუტსალის ნაკრების კაპიტანმა ზვიად კუპატაძემ ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში რუსეთის ნაკრებთან მატჩის (1:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
42 წლის ქართველი მეკარის თქმით, საქართველომ დაამტკიცა, რომ ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალი მაქსიმუმი არ არის და ისინი ნამდვილი მებრძოლები არიან.
„დღეს მხოლოდ ერთი სათამაშო გეგმა გვქონდა, რომ მატჩის ბოლო წამამდე გვებრძოლა. ყველა რუს ფეხბურთელს ძალიან კარგად ვიცნობ, რადგან ბოლო 20 წელია რუსეთში ვთამაშობ. მათ ჩემს შვილებზე უკეთ ვიცნობ და ამიტომ, საერთოდ არაფერი იყო ჩემთვის გასაკვირი. უნდა ვაღიარო, რომ რუსეთი უფრო ძლიერი გუნდია და მატჩამდეც ფავორიტი იყო.
ნამდვილად ვამაყობ ჩემი გუნდით, ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ ნამდვილი მებრძოლები არიან. შეიძლება, დღეს ისიც დავამტკიცეთ, რომ ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალი ჩვენი მაქსიმუმი არ არის. რა თქმა უნდა, რუსეთს ვულოცავ გამარჯვებას, მაგრამ ცოტა იღბალიც და შეგვეძლო ნახევარფინალში გავსულიყავით“, - თქვა კუპატაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი თამაში ჩაატარა: აზერბაიჯანს (3:2) და ბოსნიას (2:1) მოუგო, ხოლო ესპანეთთან (0:8) და რუსეთთან (1:3) დამარცხდა, რის შედეგადაც ევროპის საუკეთესო რვა გუნდს შორის მოხვდა.