ფეხბურთი

23:07 | 1.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ავთანდილ ასათიანი: "დღევანდელი მარცხის მიუხედავად, ქართული ფუტსალი გამარჯვებულია"

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა რუსეთის ნაკრებთან მარცხის (1:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ქართველმა სპეციალისტმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრები დღეს დამარცხდა, მაგრამ ქართული ფუტსალი გამარჯვებულია, რადგან საქართველოში ახლა ყველამ იცის ფუტსალის შესახებ და მომავალში მსგავსი შედეგის მიღწევის იმედიც გაჩნდა.

„პირველ რიგში გამოცდილება დაგვაკლდა, რადგან შეუძლებელია პირველივე ევროპის ჩემპიონატზე ჩემპიონი გახდე. ჩემს გუნდში ვხედავ, რომ ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ თამაში შეგვიძლია და ბიჭებმა ეს დაამტკიცეს. წარმატების ნამდვილად გვჯერა, რადგან თუ არ გჯერა, ვერავისთან ითამაშე. დღეს დავმარცხდით, მაგრამ ქართულმა ფუტსალმა მოიგო. ის მოიგო, რომ საქართველოში ფუტსალი შედგა, ამას თამამად ვიტყვი. ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალში გავედით და ეს ყველაფერი ამ ბიჭებმა გააკეთეს. რამდენიმე წლის წინ ალბათ ბევრმა არაფერი იცოდა ფუტსალის შესახებ, მაგრამ ახლა ალბათ მთელმა საქართველომ იცის და სწორედ ეს გააკეთა საქართველოს ნაკრებმა.

თავიდან ბევრს არ სჯეროდა, რომ ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდოდით, რადგან ამისთვის დიდი გზა იყო გასავლელი, რაც თითქოს ყოველთვის გვეზარება, მაგრამ დიდი გზის გავლის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლია. ამიტომაც ვთქვი, რომ დღეს წავაგეთ, მაგრამ ქართულმა ფუტსალმა მოიგო, იმიტომ, რომ ამიერიდან ყველას ექნება ამ შედეგის მიღწევის იმედი. შეიძლება მე აღარ ვიყო ნაკრებში, მაგრამ ეს ბიჭები იქნებიან და დარწმუნებული ვარ, ისინი კიდევ ბევრს გააკეთებენ.

დღეს თალესი ძალიან დაგვაკლდა, მინდა გამოვყო თოფურიას სიმამაცე, რადგან მძიმე ტრავმით ითამაშა, მაგრამ თამაშში მთელი გული ჩადო. სწორედ შენიშნეთ, მოკლე სკამი ჩვენი პრობლემა იყო ამ შეხვედრაში და ეს ორი ფეხბურთელი ნამდვილად დაგვაკლდა. რუსეთისნაირ გრანდს 39 წუთი თანაბრად თუ ეთამაშები, ე.ი. შეგიძლია მთელი თამაში თანაბრად ეთამაშო. საბოლოო ჯამში, შედეგი, რომელსაც მივაღწიეთ, ალბათ კანონზომიერია, მაგრამ შეგვეძლო კიდევ ერთი სენსაციის მოხდენა.

ნამდვილად ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ რუსეთმა თავი დაზოგა და ჩვენს ბიჭებს ნახევარი ძალით მოუგეს. პირიქით, ვფიქრობ, რომ სპორტული შიში მათ ნამდვილად დაეუფლათ. ჩემი გუნდის რა თქმა უნდა, მჯერა, რადგან თუ არ გჯერა, წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა და ვერც ფეხბურთელებს დააჯერებ წარმატებაში, მაშინ უნდა მოიტყუო. ჯგუფური ეტაპის წილისყრის შემდეგ ვთქვი, რომ მეოთხედფინალში უნდა გავსულიყავით და მერე შევაფასებდით სიტუაციას, ზუსტად ასე მოხდა“, - განაცხადა ასათიანმა პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი თამაში ჩაატარა: აზერბაიჯანს (3:2) და ბოსნიას (2:1) მოუგო, ხოლო ესპანეთთან (0:8) და რუსეთთან (1:3) დამარცხდა, რის შედეგადაც ევროპის საუკეთესო რვა გუნდს შორის მოხვდა.

0.118556