ფეხბურთი

21:53 | 1.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო დამარცხდა, მაგრამ ევრო 2022 ღირსეულად დაასრულა

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში რუსეთის ნაკრებთან დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.

თუმცა, ავთანდილ ასათიანის გუნდმა მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერეს ნაკრებთან ბოლომდე იბრძოლა და ძალიან ახლოს იყო, რომ თამაში დამატებით დროში გადაეყვანა, მაგრამ არ გაუმართლა.

საქართველოს ნაკრები რუსეთთან გამოკვეთილი აუტსაიდერი იყო, მაგრამ ძალიან ძლიერ მეტოქეს საერთოდ არაფერი დაუთმო და მეტ-ნაკლებად ტოლსწორადაც ეთამაშა. პირველ ტაიმში გოლი არ გასულა, რაც ორივე გუნდის მეკარეების დამსახურებაა.

ზვიად კუპატაძე გამორჩეული იყო და არაერთხელ გადაარჩინა თავისი გუნდი, მათ შორის, ერთხელ განსაკუთრებით, როდესაც ორმაგი სეივი დიდებულ სტილში მიითვალა. თავის მხრივ, რუსეთის ნაკრების მეკარემ თავისი გუნდი რონინიოს, ბრუნო პეტრისა და ელისანდროს დარტყმებისგან იხსნა.

თუ პირველი ნახევარი უგოლო გამოდგა, მეორე ტაიმის საწყის ოთხ წუთში ორი გოლი გავიდა. ჯერ რუსებმა გაიტანეს, მერე ქართველებმა უპასუხეს. 23-ე წუთზე არტიომ ნიაზოვმა დაცვის ჩავარდნით ისარგებლა და ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა მალევე გაათანაბრა, ზუსტად წუთნახევარში. ელისანდროს ბრწყინვალე პასის მერე ბრუნო პეტრიმ ცარიელ კარში გაიტანა და წონასწორობა აღადგინა.

თუმცა, ტაბლოზე თანაბარი ანგარიში დიდხანს არ შენარჩუნებულა, მხოლოდ 4 წუთი. რუსებმა კუთხური ძალიან მაგრად გაათამაშეს და ივან ჩიშკალამ ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა. საქართველოს ნაკრები მთელი თამაშის განმავლობაში არ დანებებულა და 31-ე წუთზე გოლთანაც ახლოს იყო, მაგრამ ვახტანგ კეკელიას დარტყმის მერე რუსები ძელმა გადაარჩინა.

ქართველ ფეხბურთელებს საფინალო სირენამდე 30 წამით ადრე მიეცათ კიდევ ორი შანსი - ჯერ არჩილ სებისკვერაძის დარტყმა მოიგერია მეკარე პუტილოვმა, მერე კი დმაატებაზე ბრუნო პეტრისაც აჯობა. არადა, ურეალურესი მომენტი იყო და გოლიც გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ რუსების მეკარემ პრაქტიკულად შეუძლებელი შეძლო. ეს ყველაფერი 1:2-ზე მოხდა, გოლი რომ გასულიყო, დამატებითი დრო დაინიშნებოდა.

სანაცვლოდ კი, რუსებმა შეტევა წამოიწყეს და მთელი ძალებით შეტევაში წასულ საქართველოს, რომელსაც კარში მეკარეც აღარ ჰყავდა, მესამე გოლი გაუტანეს. ისევ ჩიშკალამ გაიტანა ცარიელ კარში და საბოლოოდ რუსეთმა 3:1 მოიგო.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი თამაში ჩაატარა. მანამდე ჯგუფში აზერბაიჯანს 3:2 და ბოსნიას 2:1 მოუგო, ხოლო ესპანეთთან 0:8 დამარცხდა.

ნებისმიერ შემთხვევაში სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის გუნდი ღირსეულად გამოვიდა და ფუტსალის გულშემატკივარს თავი ნამდვილად დაამახსოვრა.

რუსეთი - საქართველო 3:1 (0:0)

საქართველო: კუპატაძე, შაგინია, ვილიანი, რონინიო, ბრუნო პეტრი, ბუკია, ღავთაძე, თოფურია, კეკელია, თოდუა, სებისკვერაძე, კურტანიძე, ელისანდრო

გოლები: 1:0 ნიაზოვი (23), 1:1 ბრუნო პეტრი (24), 2:1 ჩიშკალა (28), 3:1 ჩიშკალა (40)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.34616