ფეხბურთი

0:20 | 1.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ჰამბურგის" მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე: "ბოლო დროს ყველაფერი კარგად რომ ჰქონოდა, ახლა აქ არ იქნებოდა"

გერმანული „ჰამბურგის“ მთავარმა მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა. როგორც გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, 22 წლის ქართველ ფეხბურთელს შეუძლია გუნდის დახმარება და ძალიან კრეატიული ფეხბურთელია.

„ვფიქრობ, ის ძალიან ნიჭიერი და მრავალმხრივი ფეხბურთელია. შეუძლია ფეხბურთის თამაშით სიამოვნება მიიღოს, მაგრამ ახლა საჭიროა ადაპტაცია გაიაროს. მას ნადვილად შეუძლია ჩვენი დახმარება, თავისი თამაშის სტილიდან გამომდინარე, განსაკუთრებით ამ სიტუაციაში. ის ძალიან კრეატიული და სახიფათო ფეხბურთელია.

შემტევი ფეხბურთელისთვის ყველაფერი განსხვავებულია. თუ ფეხბურთი გესმის, თამაშის წაკითხვა იცი, მაშინ ადაპტაციაც და ყველაფერი სწრაფად მიდის. რა თქმა უნდა, არსებობს მიზეზები, რის გამოც ბოლო დროს საუკეთესო ფორმაში არ იყო, მაგრამ ყველაფერი კარგად რომ ყოფილიყო, ახლა აქ არ იქნებოდა“, - თქვა ვალტერმა.

შეგახსენებთ, „ჰამბურგი“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში 20 ტურის შემდეგ 34 ქულით მეოთხე-მეექვსე ადგილებს „შალკესთან“ და „ჰაიდენჰაიმთან“ ერთად იყოფს, ლიდერ „დარმშტადტს“ კი, რომელსაც 6 თებერვალს ესტუმრება, 5 ქულით ჩამორჩება, მეორეადგილოსან „სანქტ პაულის“ 2, ხოლო მესამეადგილოსან „ვერდერს“ 1 ქულით.

გერმანული მედია ვარაუდობს, რომ ჩაკვეტაძე, რომელსაც დებიუტი „მიდტიულანდთან“ ამხანაგურ მატჩში ჰქონდა, „დარმშტადტთან“ ძირითად შემადგენლობაში იქნება, რადგან „ჰამბურგს“ ნახევარდაცვაში ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი აკლია დისკვალიფიკაციისა და ტრავმის გამო.

0.117055