სამთო თხილამურობის მსოფლიო თასის გარმიშ-პარტენკირხენის სუპერ გიგანტის რბოლას, ერთდროულად ორი გამარჯვებული ჰყავს - იტალიელი ფედერიკა ბრინიონე და ავსტრიელი კორნელია ჰუტერი, რომლებმაც რბოლა ზუსტად ერთ დროში (წამის მეასედის სიზუსტით) დაასრულეს.
ბრინიონე ახლოს იყო მიზანთან, მოეგო ამ სეზონში მესამე სუპერ გიგანტი. ჰუტერს მეორე სექტორის ბოლოს, მასზე 0.18 წამით უარესი დრო ჰქონდა. მაგრამ ტრასის მეორე ნახევარზე ტემპი გაზარდა და საბოლოოდ, იტალიელის დრო გაიმეორა. მათ კანდაჰარის ფერდობზე, ფინიშს წუთსა და 18.19 წამში მიაღწიეს.
„როდესაც ფინიშის ხაზი გადავკვეთე, მივხვდი, რომ კარგი დრო მქონდა. მერე ჰუტერმა ცოტა შემაშინა. საბოლოოდ, ორივე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დავდექით, რაც სასიამოვნოა. მისი გამარჯვებაც ძალიან მიხარია“, - განაცხადა ბრინიონემ.
იტალიელისთვის ეს კარიერაში, მსოფლიო თასზე მოპოვებული მე-19 გამარჯვებაა. ჰუტერმა კი მხოლოდ მესამე რბოლა მოიგო. მეორე გამარჯვება მას 2017 წლის დეკემბერში, კანადის ლეიკ ლუისში აქვს მოპოვებული.
„მართლა საოცარია. გაოცებული დავრჩი, როდესაც ფინიში გადავკვეთე და მწვანე შუქთან ერთად, 0.00 დავინახე. ბედნიერი ვარ, რომ გამარჯვება ფედესთან გავიზიარე“, - განაცხადა ჰუტერმა. მესამე ადგილი მისმა თანაგუნდელმა, ტამარა ტიპლერმა დაიკავა.
ეს ოლიმპიადის წინ ბოლო რბოლა იყო. ოლიმპიადის მოახლოების გამო, გარმიშის დაშვება და სუპერ გიგანტი რამდენიმე ტოპ მოთხილამურემ გამოტოვა. მათ შორის, ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა, სლოვაკმა პეტრა ვლჰოვამ და შვეიცარიელმა ლარა გუტ-ბერამიმ.