ძიუდო

0:03 | 31.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ბერიაშვილის ბრინჯაოს მედალი პორტუგალიის გრან პრიზე

პორტუგალიის გრან პრი ძიუდოში საქართველომ ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. შეჯიბრის ბოლო დღეს კვარცხლბეკზე ასვლა გიორგი ბერიაშვილმა მოახერხა.

23 წლის ძიუდოისტმა 100 კგ წონით კატეგორიაში სამხრეთკორეელი ჯონგონ ვონი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი პორტუგალიელ ჟორჟე ფონსეკასთან წააგო და რეპეშაჟში გადავიდა, სადაც ჯერ ფრანგი იორის აგბენენუ დაამარცხა, მერე კი ხორვატ მარკო კუმრიჩს მოუგო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ამავე წონაში ომარ საურიმ მასპინძელი ჟოაო პირესი დაამარცხა, მაგრამ მერე ბრაზილიელ რაფაელ ბუზაკარინისთან წააგო და უმედლოდ დარჩა. მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა 90 კგ წონით კატეგორიაში იმედა გოგოლაძეს, რომელმაც საწყისი ორი წრე გამბიელი და ბრაზილიელი მეტოქეების ძლევით განვლო, შემდეგ კი რუმინეთ ალექს კრეტთან დამარცხდა. რეპეშაჟის პირველ წრეში იმედამ მოლდოველ დროინ გოტონოაგას მოუგო, მაგრამ მედლისთვის შეხვედრაში ტაჯიკ კომრონშოხ უსტოპირიონოვთან დამარცხდა.

ამრიგად, 8 ქართველი ძიუდოისტიდან, რომლებმაც პორტუგალიაში იასპარეზეს, მედალი მხოლოდ გიორგი ბერიაშვილმა მოიპოვა, დანარჩენებმა კი გრან პრი უმედლოდ დაასრულეს.

0.11486