ლეგენდარულმა შვეიცარიელმ ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა რაფაელ ნადალს ავსტრალიის ღია პირველობაზე გამარჯვება და დიდი სლემის 21-ე ტიტული მიულოცა.
"მხიარულმა როჯერმა" სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნადალი ინსპირაციაა მისთვის და მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანისთვის.
„საოცარი მატჩი! ჩემს მეგობარსა და დიდ მეტოქეს, რაფაელ ნადალს გულითადად ვულოცავ, რომ პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც 21-ე დიდი სლემის ტიტული მოიგო ერთეულებში. რამდენიმე თვის წინ ვხუმრობდით, რომ ორივე ყავარჯნებით დავდიოდით, საოცარია.
დიდი ჩემპიონის დაუფასებლობა არ შეიძლება. შენი წარმოუდგენელი სამუშაო ეთიკა, თავდადება და მებრძოლი სულისკვეთება ინსპირაციაა ჩემთვის და მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანისთვის. ვამაყობ, რომ ეს ეპოქა ერთად გავიზიარეთ და პატივია, რომ ჩემი როლი ვითამაშე იმაში, რომ წარმატებებისკენ გიბიძგებდი, როგორც შენ აკეთბედი ამას ჩემთვის 18 წლის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ უფრო მეტი გამარჯვება გელოდება, მაგრამ ამით დატკბი“, - დაწერა ფედერერმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რაფაელ ნადალისთვის ეს იყო ავსტრალიის ღია პირველობის მეექვსე ფინალი და ჩემპიონობა მეორედ მოიპოვა (პირველად 2009 წელს). თუმცა, ყველაზე მთავარი ის არის, რომ კარიერაში დიდი სლემის 21-ე ტიტული მოიგო, რაც ჩოგბურთის ისტორიაში რეკორდია! ესპანელმა ლეგენდამ როჯერ ფედერერსა და ნოვაკ ჯოკოვიჩს გადაასწრო, რომელთა აქტივში დიდი სლემის 20-20 ტიტულია.