ჩოგბურთი

19:00 | 30.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი: "თვენახევრის წინ არც კი ვიცოდი, ჩოგბურთს ვითამაშებდი თუ არა"

ლეგენდარულმა ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა ავსტრალიის ღია პირველობის მოგების შემდეგ, რომლის ფინალში რუსი დანილ მედვედები ხუთ სეტში დაამარცხა, კომენტარი გააკეთა. როგორც 35 წლის რაფამ განაცხადა, ეს მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი იყო.

„არც კი ვიცი, რა ვთქვა. ჩემთვის ეს ფანტასტიკურია. სიმართლე გითხრათ, თვენახევრის წინ არც ვიცოდი დავბრუნდებოდი თუ არა და ვითამაშებდი თუ არა ჩოგბურთს. დღეს კი აქ თასით ხელში ვდგავარ. წარმოდგენაც არ გაქვთ, რამდენად მადლიერი ვარ გულშემატკივრებს, დიდი მადლობა თქვენი სიყვარულისთვის.

არ მჯერა, თუ როგორ ვიბრძოდი ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა. ჩემს კარიერაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი იყო. თანავუგრძნობ დანილს, ბრძოლა მომიწია და თასი ახლა ჩემია, ძალიან ბედნიერია. ქამბექი? ორი სეტის შემდეგ უკვე დაღლილი ვიყავი. დანილი ძალიან ჭკვიანი მოთამაშეა და ყოველთვის პოულობს გამოსავალს. ის საოცარი ჩემპიონია და მომავალში ბევრჯერ მოიგებს სლემს.

უბრალოდ ვცდილობ რწმენა არ შევწყვიტო. აქ ბევრჯერ დავმარცხდი, მაშინაც, როცა უპირატესობა მქონდა და შესაძლოა, დღეს იყო დღე, როცა ეს ყველაფერი უნდა შეწყვეტილიყო. თითქმის შეუძლებელი შევძელი, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვაპატიებდი, რომ მატჩის ბოლომდე არ მებრძოლა. ვფიქრობდი, მეტოქეს შეუძლია ჩემი დამარცხება, მაგრამ მე ვერ დავნებდები. მატჩის ბოლოს შესანიშნავად ვითამაშე, ემოციები და დაღლილობა გიჟური კომბინაციაა“, - თქვა ნადალმა.

შეგახსენებთ, რაფაელ ნადალისთვის ეს იყო ავსტრალიის ღია პირველობის მეექვსე ფინალი და ჩემპიონობა მეორედ მოიპოვა (პირველად 2009 წელს). თუმცა, ყველაზე მთავარი ის არის, რომ კარიერაში დიდი სლემის 21-ე ტიტული მოიგო, რაც ჩოგბურთის ისტორიაში რეკორდია! ესპანელმა ლეგენდამ როჯერ ფედერერსა და ნოვაკ ჯოკოვიჩს გადაასწრო, რომელთა აქტივში დიდი სლემის 20-20 ტიტულია.

0.18329