ფეხბურთი

17:46 | 30.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" ორი ფეხბურთელი "ტოტენჰემში" გაუშვა და შემცვლელს "გლადბახიდან" იმატებს

ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელები დეიან კულუშევსკი და როდრიგო ბენტანკური კარიერას ლონდონის „ტოტენჰემში“ გააგრძელებენ. ტრანსფერები დაიხურა, ამის შესახებ ფაბრიციო რომანო და რომეო აგრესტი იტყობინებიან.

ბენტანკური ინგლისურ კლუბში 19 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავა, რასაც ბონუსის სახით 6 მილიონი ევრო დაემატება. როდრიგო „იუვეში“ 2017 წლიდან თამაშობდა და 181 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მან ბოლო მატჩი ტურინულ გრანდში „მილანის“ წინააღმდეგ ჩაატარა და მოედანზე საუკეთესო იყო, თუმცა, მთლიანობაში ის მოლოდინი ვერ გაამართლა, რაც მის მიმართ არსებობდა.

დეიან კულუშევსკი „ტოტენჰემში“ 10 მილიონი ევროს ღირებულების 18-თვიანი იჯარით გადავა, მაგრამ ინგლისელებს მისი გამოსყიდვა 25 მილიონ ევროდ შეეძლებათ, რასაც ბონუსის სახით 5 მილიონიც დაემატება და მთლიანობაში გარიგება 40 მილიონ ევროს შეადგენს. გამოსყიდვის სავალდებულო პუნქტი გააქტიურდება იმ შემთხვევაში თუ „ტოტენჰემი“ ჩემპიონთა ლიგაზე გავა ან კულუშევსკი მატჩების ნახევარს მაინც ითამაშებს. შვედმა „იუვეში“ გატარებულ წელიწადნახევარში 74 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა. ორივე ფეხბურთელი ანტონიო კონტესთან იმუშავებს, ტრანსფერს ხელი ფაბიო პარატიჩიმ შეუწყო, რომელმაც ისინი თავის დროზე „იუვეში“ მიიყვანა.

პარალელურად, „იუვენტუსმა“ წარმატებით დახურა დენის ზაკარიას ტრანსფერი. „გლადბახის“ შვეიცარიელი ფეხბურთელი ტურინში სავარაუდოდ დღეს საღამოს ჩავა, მაქსიმუმ ხვალ დილით. ის 4.5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი ხელფასი სეზონში 3 მილიონი ევრო იქნება. „გლადბახი“ 3.5 მილიონ ევროს მიიღებს, 3.5 მილიონი ევრო კი ბონუსის სახით დაემატება. ზაკარიას მიმართ ინტერესს „ბაიერნი“, „ლივერპული“ და „მანჩესტერი“ იჩენდნენ, მაგრამ ტურინელებმა მათ დაასწრეს. შვეიცარიელის იაფი ღირებულება კი კონტრაქტის დამსახურებაა, რომელიც 30 ივნისს იწურება და გერმანელებმა უფასოდ დაკარგვას, გარკვეული ფინანსური სარგებლის ნახვა ამჯობინეს.

აქვე გეტყვით, რომ „იუვენტუსი“ „კალიარიდან“ ნაჰიტან ნანდესის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს და შესაძლოა ურუგვაელი ფეხბურთელიც გაიფორმოს. სატრანსფერო ფანჯარა 31 იანვარს იხურება და ყველაფერი უახლოეს საათებში უნდა გაოფიციალურდეს.

0.121082