კოლუმბიის ნაკრებისა და „პორტუს“ შემტევი ნახევარმცველი ლუის დიასი კარიერას „ლივერპულში“ გააგრძელებს. ინგლისურმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
25 წლის შემტევმა „წითლებთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა, ხოლო „პორტუმ“ 40 მილიონი ევრო მიიღო, რასაც მომავალში 20 მილიონი ევრო ბონუსის სახით დაემატება.
ლუის დიასი ამჟამად სანაკრებო შეკრებაზეა, მაგრამ „ლივერპულმა“ ფეხბურთელს სამშობლოში ჩააკითხა, სადაც სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტიც გააფორმა. ის ინგლისური გრანდის ღირსებას 23-ნომრიანი მაისურით დაიცავს.
კოლუმბიელი ფეხბურთელი „პორტუში“ 2019 წლიდან თამაშობდა და 125 თამაშში 41 გოლი გაიტანა, ხოლო კოლუმბიის ნაკრებში 32 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი.