ბლოგი

11:09 | 30.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

აფრიკის თასი მაგარი ტურნირია!

აფრიკის თასი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სანაკრებო ტურნირია და ყოველ ორ წელიწადში ერთხელ თბილისურ სუსხიან ზამთრებს ისე არაფერი აფერადოვნებს, როგორც არცთუ მაღალხარისხოვან და არცთუ ხასხასა მინდვრებზე მობურთალი შავტუხა ბიჭების ცქერა. კორონა-პანდემიის გამო აფრიკის თასის ჩატარების ადგილმა და თარიღმაც იარა, იარა და საბოლოოდ მაინც კამერუნამდე მივიდა. იმ კამერუნამდე, რომლის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჯერ კიდევ 2020 წლის შემოდგომაზე იძახდა, სასწაული მოხდება ამ ტურნირის მასპინძლობა რომ შევძლოთო. საბოლოოდ “შავი კონტინენტის“ უმთავრესი საფეხბურთო გათამაშება მაინც დაიწყო და მე თუ მკითხავთ, ძალიან საინტერესოდაც მიმდინარეობს.

აფრიკის როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო ტურნირების მთავარი ინტრიგა და მუღამი “შავი“ (ანუ ცენტრალური და სამხრეთაფრიკული) და “მაღრიბული“, (ანუ არაბული, ჩრდილოეთ აფრიკის) ქვეყნების დაპირისპირება და ისაა, ამ ორი ტიპის ქვეყნებიდან რომელი “დაჯგუფება“ იჩემპიონებს. ბოლო წლებში არაბების, ანუ მაღრიბელთა უპირატესობა აშკარაა. დავიწყოთ იმით, რომ აფრიკის თასის მოქმედი ჩემპიონი სწორედ არაბული ალჟირია და ასევე უნდა გავითვალისწინოთ ეგვიპტის ეროვნული ნაკრების მიერ ბოლო ოცი წლის განმავლობაში აფრიკის კონტინენტზე დამყარებული ჰეგემონია, რაც მხოლოდ და მხოლოდ მოჰამედ სალაჰის დამსახურება როდია.

ეგვიპტელების (და ზოგადად ჩრდილოაფრიკელთა) წარმატებები აფრიკის ცენტრალურ და სამხრეთით მდებარე გადახრუკულ ქვეყნებს ყელში აქვთ ამოსული და ერთურთისადმი სოლიდარობაც ამის ნიადაგზე ისწავლეს. მაგალითად, თუკი ადრე, განას ნაკრების ცუდი გამოსვლა ნიგერიელებს ბედნიერებას ჰგვრიდა, ახლა ნიგერიელი ქომაგები შეიძლება განელთა ტრიბუნაზე დალანდოთ მათივე ქვეყნის დროშებითა და საქომაგო ამუნიციით. რაკი ეს ორი გუნდი ვახსენეთ, აქვე ისიც გავიხსენოთ, რომ განა საერთოდ ჯგუფიდან ვერ გავიდა, ნიგერიელებმა კი მერვედფინალში სწორედ არაბულ ტუნისთან 1:0 მარცხი იწვნიეს. სამწუხაროდ, “შავი არწივები“ კიდევ ერთხელ უსახელოდ გამოეთიშნენ გათამაშებას, რომლის დაწყებისას მუდამ ფავორიტები არიან, თუმცა შემდეგ მოვლენები როგორც წესი სულ სხვაგვარად ვითარდება ხოლმე.

აფრიკის ფეხბურთში ბოლო დროს ბევრი რამ შეიცვალა. ტრადიციულად ძლიერი საფეხბურთო ქვეყნები ადვილად ვეღარ იგებენ ანდა სულაც მარცხდებიან პატარა, უცნობ, ზოგჯერ კუნძულოვან ჯუჯა ქვეყნის გუნდებთან. არ ვიცი ეს იმის გამო ხდება, რომ იქაც ევროპის მსგავსად საერთო დონე გათანაბრდა თუ უბრალოდ ყველას ერთად დაეწყო კრიზისი, მაგრამ ზოგადად სანახაობას, რაც ნეიტრალურ ქომაგს უყვარს და სიამოვნებს, ეს დამატებით ინტრიგას სძენს. მე თუ მკითხავთ ძალიანაც საინტერესოა იმაზე მკითხაობა, ამჯერად ვინ აღმართავს მოყანყალებულ, ძველ ვერცხლის თასს.

ერთი ამბავიც... მიუხედავად იმისა, რომ კორონა-პანდემიის გამო ეს ტურნირი კინაღამ კიდევ ერთხელ გადაიდო, კამერუნის სტადიონებზე შეკრებილი სრულიად აფრიკის ქომაგთა აბსოლუტური უმრავლესობა კორონას არათუ უფრთხის, ალბათ საერთოდ არც კი აღიარებს. ძალიან უნდა მოინდომოთ არათუ რიგით ქომაგებს, გუნდების წარმომადგენლებს შორისაც კი რომ შეამჩნიოთ პირბადიანი ადამიანები. უყურებ აფრიკულ ტრადიციულ სხვადასხვაგვარ სამოსში ჩაცმულ, მოზეიმე ხალხს და თავი მინიმუმ ორი წლის წინანდელი სამყაროს ნაწილი გგონია, როდესაც კორონას შესახებ არც ვიცოდით და არც გვინდოდა გვცოდნოდა.

როდესაც ხედავ აშკარად აღმატებულ მაროკოსთან დამარცხებული მალავის ნაკრების მავანი ქომაგი გოგონა როგორ იცრემლება, როგორ იწმენდს ცრემლებს ხუთფეროვანი ხალათის კალთით და როგორ ამშვიდებს მას მთელი ტრიბუნა, გავიწყდება ყველაფერი საზარელი რაც ამ ბოლო ორმა წელმა მოგვიტანა და ოცნებობ, შენც იჯდე ქალაქ იაუნდეს ძველი სტადიონის აღმოსავლეთ ტრიბუნაზე და ზამთრის მიუხედავად მცხუნვარე აფრიკული მზეც რომ გაჭერდეს, მაინც მზად ხარ ნაწილი იყო ამ ყველაფრის. თუნდაც ცულ სულ ცოტა ხნით. დამიჯერეთ, აფრიკის თასი მართლა მაგარი ტურნირია!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114778