ფეხბურთი

1:02 | 30.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

შაგინია: "შესაძლოა, ეს წაგება კარგიც იყოს, რადგან 1/4 ფინალში იგივე შეცდომას არ დავუშვებთ"

საქართველოს ფუტსალის ნაკრების ფეხბურთელმა შაგინიამ ესპანეთთან მატჩის (0:8) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ეს შედეგი გუნდზე ფსიქოლოგიურად არ იმოქმედებს, რადგან შემადგენლობაში ბევრი გამოცდილი ფეხბურთელია და იციან ამ ყველაფერს როგორ გაუმკლავდნენ.

„ძნელია ასეთი დამარცხების ახსნა. მატჩისთვის მზად ვიყავით და ვიცოდით, რომ ესპანეთი ყველაფერს გაიღებდა იმისთვის, რომ საჭირო შედეგი მიეღო, მაგრამ არ ველოდით, რომ ჩვენთვის ასეთი რთული იქნებოდა. ვფიქრობ, თამაშის დროს მოდუნებულები ვიყავით, მაგრამ შესაძლოა ასეთი მატჩის გადატანა კარგიც იყოს, რადგან მეოთხედფინალში იგივე შეცდომას არ დავუშვებთ. ეს არის ის, რაც მომავლისთვის ამ მატჩიდან უნდა ვისწავლოთ.

ყველა ჩვენგანისთვის მძიმე გაკვეთილი იყო და რუსეთთან სრულად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ მსგავსი არაფერი განმეორდება. არ ვფიქრობ, რომ ეს შედეგი ჩვენზე ფსიქოლოგიურად იმოქმედებს, რადგან ჩვენს ბევრ მოთამაშეს დიდი გამოცდილება აქვს უმაღლეს დონეზე თამაშის და შეუძლია გაუმკლავდეს ყველა გვერდით ეფექტს, რომელიც ასეთ შედეგს შეიძლება ახლდეს“, - განაცხადა შაგინიამ.

შეგახსენებთ, D ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა 6 ქულით მეორე ადგილი დაიკავა (5:11 ბურთების ბალანსი), ესპანეთი 7 ქულით პირველია, აზერბაიჯანი (4 ქულა) და ბოსნია (0) კი ასპარეზობას გამოეთიშნენ.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში 1 თებერვალს ამსტერდამში, რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელიც ფიფას რეიტინგში მეხუთე ადგილზეა. ეს გუნდები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ერთ ჯგუფში იყვნენ და მაშინ რუსებმა ორივე თამაში იოლად მოიგეს (4:0 და 3:0).

0.114603