ფეხბურთი

0:45 | 30.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვილიანი: "თუ ასე უყურადღებოდ კიდევ ვიქნებით, მსგავსი რამ განმეორდება"

საქართველოს ფუტსალის ნაკრების ფეხბურთელმა ვილიანმა ესპანეთთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, პირველი ტაიმის ჩაგდების შემდეგ ყველაფერი დაინგრა, მომავალში კი გუნდი უფრო მეტი ყურადღებით უნდა ითამაშონ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.

„დღეს ნამდვილი საქართველო არ იყო. ვიცოდით, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებოდით, მაგრამ პირველ ტაიმში სამი გოლი გავუშვით და შემდეგ ყველაფერი ჩამოიშალა. ძალიან ვწუხვართ მძიმე მარცხის გამო, მაგრამ ეს შედეგი არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ძალიან რთული ჯგუფიდან გასვლისთვის ქებას ვიმსახურებთ. ახლა უნდა დავისვენოთ, ენერგია აღვიდინოთ და რუსეთზე ვიფიქროთ, რომელიც კიდევ ერთი ძლიერი მეტოქე და ტურნირის ფავორიტია.

გასახდელში ჩემს ზოგიერთ თანაგუნდელს უკვე ვესაუბრე, რათა გამეფრთხილებინა, რომ ჯგუფური ეტაპის ორი მატჩის მოგება კარგი იყო, მაგრამ ამიერიდან ისეთივე რთული იქნება ყოველი მატჩი ჩვენთვის, როგორც ესპანეთთან გვქონდა. თუ არ გამოვავლენთ იმავე ყურადღებას და კონცენტრაციას, რაც პირველ-ორ თამაშში გამოვიჩინეთ, შეიძლება ის განმეორდეს, რაც დღეს მოხდა“, - თქვა ვილიანმა.

შეგახსენებთ, D ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა 6 ქულით მეორე ადგილი დაიკავა (5:11 ბურთების ბალანსი), ესპანეთი 7 ქულით პირველია, აზერბაიჯანი (4 ქულა) და ბოსნია (0) კი ასპარეზობას გამოეთიშნენ.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში 1 თებერვალს ამსტერდამში, რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელიც ფიფას რეიტინგში მეხუთე ადგილზეა. ეს გუნდები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ერთ ჯგუფში იყვნენ და მაშინ რუსებმა ორივე თამაში იოლად მოიგეს (4:0 და 3:0).

0.118394