ფეხბურთი

23:48 | 29.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ავთანდილ ასათიანი: "ჩემი გუნდით ვამაყობ და იმედი მაქვს, ამ თამაშს მალე დავივიწყებთ"

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა ესპანეთთან (0:8) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ასეთი ანგარიშით მარცხი საწყენია, მაგრამ ახლა გუნდი ფსიქოლოგიურად უნდა განეწყოს, რადგან მთავარი თამაში მეოთხედფინალში ელოდებათ.

„რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანისთვის მიუღებელი ანგარიშია, თორემ ჯგუფური ეტაპი 6 ქულით დავასრულეთ და ამ ბიჭებმა ძალიან მაგარი შედეგი აჩვენეს. მიუხედავად დღევანდელი მატჩისა, ჩემი გუნდით ვამაყობ. მატჩის წინაც ვთქვი, რომ ცალი თვალით მეოთხედფინალისკენ უნდა გვეყურებინა, ამიტომაც, იმ ფეხბურთელებს, რომელთაც ყვითელი ბარათები და მიკროტრავმები ჰქონდათ, გარკვეული დავალებები მივეცით, რათა მეოთხედფინალში რომელიმე არ გამოგკვლებოდა. მთელი ძალები სწორედ მეოთხედფინალში უნდა დავხარჯოთ, კიდევ ერთხელ ისტორიული მატჩის ჩატარება მოგვიწევს და დიდი იმედი მაქვს, რომ ესპანეთთან თამაშს მალე დავივიწყებთ.

რა თქმა უნდა, შეცდომები დავუშვით, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ანგარიშით არ წავაგებდით და შეცდომებზე პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ. მომდევნო მატჩისთვის გუნდი ფსიქოლოგიურად რაც შეიძლება მალე უნდა განვეწყოთ.

ვცადეთ, რომ ელისანდროს ეთამაშა, გვაინტერესებდა, რამდენად მოახერხებდა, მაგრამ სამწუხაროდ, 100%-ით მზად არ არის. კუპატაძეს მიკრო ტრავმა ჰქონდა შეცვლა თვითონ გვთხოვა, რომ არ გაგვერისკა და მეც დავეთანხმე, რადგან წინ მთავარი თამაში გველოდება.

მაქსიმალურად ვცდილობდით ქულა მოგვეპოვებინა, მაგრამ გამოჩნდა, რომ ასეთი დონის ნაკრებთან სათამაშოდ ჯერ კიდევ არ ვართ მზად, მიუხედავად იმისა, რომ ტრავმებიც იყო გუნდში და ცოტა თავიც შევინახეთ. ერთადერთი, რაც გულდასაწყვეტია, ასეთი ანგარიშით არ უნდა წაგვეგო და პასუხისმგებელი მე ვარ“, - თქვა ასათიანმა მატჩის შემდეგ.

შეგახსენებთ, D ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა 6 ქულით მეორე ადგილი დაიკავა (5:11 ბურთების ბალანსი), ესპანეთი 7 ქულით პირველია, აზერბაიჯანი (4 ქულა) და ბოსნია (0) კი ასპარეზობას გამოეთიშნენ.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში 1 თებერვალს ამსტერდამში, რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელიც ფიფას რეიტინგში მეხუთე ადგილზეა. ეს გუნდები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ერთ ჯგუფში იყვნენ და მაშინ რუსებმა ორივე თამაში იოლად მოიგეს (4:0 და 3:0).

0.115462