საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის D ჯგუფის ბოლო ტურში ესპანეთის ნაკრებთან მარცხი განიცადა და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.
აზერბაიჯანთან (3:2) და ბოსნიასთან (2:1) გამარჯვებებით საქართველომ მეოთხედფინალის საგზური წინა ტურში გაიფორმა, ხოლო ფრის შემთხვევაში ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდოდა. თუმცა, ევროპის 7-გზის და მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონმა ესპანეთის ნაკრებმა ავთანდილ ასათიანის გუნდს ძალზე იოლად მოუგო - 8:0.
ყველაფერი პირველი ტაიმის ბოლოს გაირკვა, როცა ესპანელებმა მოკლე ინტერვალში ორჯერ გაიტანეს და ვინაიდან მანამდე 1:0-ს იგებდნენ, ტაიმი 3:0 მოიგეს. მეორე ნახევარში პირინელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა და საბოლოოდ, დიდი ანგარიში დაფიქსირდა. სხვათა შორის, ეს მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე დიდი სხვაობაა. უნდა აღინიშნოს, რომ ტრავმა მიიღო მეორე ტაიმის სტარტზევე ზვიად კუპატაძემ და ჯერ უცნობია, რამდენად სერიოზულია დაზიანება.
საბოლოოდ, D ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა 6 ქულით მეორე ადგილი დაიკავა (5:11 ბურთების ბალანსი), ესპანეთი 7 ქულით პირველია, აზერბაიჯანი (4 ქულა) და ბოსნია (0) კი ასპარეზობას გამოეთიშნენ.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში 1 თებერვალს ამსტერდამში, რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელიც ფიფას რეიტინგში მეხუთე ადგილზეა. ეს გუნდები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ერთ ჯგუფში იყვნენ და მაშინ რუსებმა ორივე თამაში იოლად მოიგეს (4:0 და 3:0).
ისიც ვთქვათ, რომ საქართველო პირველ ადგილზე რომ გასულიყო, სლოვაკეთთან თამაში ელოდა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია და ჯგუფიდან 4 ქულით, ბევრისთვის მოულოდნელად გავიდა, თუმცა სლოვაკებს ესპანეთთან თამაში მოუწევთ. ცნობილია დანარჩენი ორი მეოთხედფინალური წყვილიც: პორტუგალია-ფინეთი და ყაზახეთი-უკრაინა.
საქართველო - ესპანეთი 0:8 (0:3)
გრონინგენი, „მარტინი პლაზა“
საქართველო: კუპატაძე, ვილიანი, რონინიო, თალესი, ბრუნო პეტრი, ბუკია, შაგინია, ღავთაძე, თოფურია, კეკელია, თოდუა, სებისკვერაძე, კურტანიძე, ელისანდრო
გოლები: 0:1 ბორხა (9), 0:2 ლოზანო (17, პენ), 0:3 ჩინო (20), 0:4 სოლანო (21), 0:5 თოდუა (23, ა.გ), 0:6 სესილიო (27), 0:7 ადოლფო (32), 0:8 ადოლფო (39)