ძიუდოში პორტუგალიის გრან პრი საქართველოსთვის უმედლოდ მიმდინარეობს. დღეს ტატამიზე 3 ქართველი ძიუდოისტი გავიდა, მაგრამ მედლის მოპოვება ვერცერთმა მოახერხა.
73 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ტერაშვილი ასპარეზობდა, რომელმაც პირველ წრეში ამერიკელ იაკ იონეზუკას აჯობა, მეორე წრეში ბელგიელი იეროენ კასე დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში ვერ გავიდა, რადგან უზბეკ მუროდიონ იულდოშევთან მარცხი განიცადა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ასევე ხელი მოეცარა და ფრანგ ბენჟამინ-ჟოან გაბასთან წააგო, შედეგად უმედლოდ დარჩა.
81 კგ წონით კატეგორიაში ორი ქართველი ასპარეზობდა, მაგრამ ორივე უმედლოდ დარჩა. გიორგი შერაზადიშვილი პირველი წრისგან თავისუფალი იყო, მეორე წრეში კი ისრაელის წარმომადგენელ იაჰელი ლავისთან მარცხი განიცადა. დიმიტრი გოჩილაიძეც ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო, მაგრამ ფინელ ოსკარი მაკინენთან დამარცხდა.
შეგახსენებთ, პორტუგალიის გრან პრი 28 იანვარს დაიწყო და 66 კგ წონით კატეგორიაში თენგო ზირაქაშვილი და საბა კაპანაძე უმედლოდ დარჩნენ. გრან პრის დასკვნით დღეს სამი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს: იმედა გოგოლაძე (90 კგ), გიორგი ბერიაშვილი (100 კგ) და ომარ საური (100 კგ).