ავსტრალიის ღია პირველობის 2022 წლის ჩემპიონი ქალთა შორის ეშლი ბარტი გახდა. ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა, რომელიც ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი, ამერიკელი დანიელ როუზ კოლინსი, როგორც მოსალოდნელი იყო, დაამარცხა.
ზოგადად, კოლინზი ტურნირზე 30-ე განთესვით თამაშობდა და ფინალში მისი გასვლა სენსაცია გახლდათ, ამდენად, ეს შედეგიც მისთვის დადებითად უნდა შეფასდეს. ბარტიმ კი ისტორიურ ფინალში გამარჯვება საათსა და 29 წუთში მოიპოვა - 6:3, 7:6. ეშლის პირველი სეტის მოსაგებად ერთი ბრეიკიც ეყო, რადგან თავის ჩაწოდებაზე უშეცდომო იყო, გაცილებით დაძაბული გამოდგა მეორე სეტი, რომლის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა.
ორივე ჩოგბურთელმა ორჯერ წააგო საკუთარი ჩაწოდება და ტაიბრეიკამდე მივიდნენ, სადაც 25 წლის ჩოგბურთელის უპირატესობა საგრძნობი გახლდათ - 7:2. ამრიგად, ეშლი ბარტიმ AUS Open-ი მოიგო, რაც მის კარიერაში პირველად მოხდა. ქალთა რეიტინგის ლიდერს დიდი სლემის ტურნირებში სამი ტიტული დაუგროვდა - ასევე თითოჯერ აქვს მოგებული როლან გაროსი (2019 წელს) და უიმბლდონი (2021 წელს), ახლა მას წრის შესაკვრელად US Open-ზე ჩემპიონობა აკლია.
ეშლი ბარტი 1978 წლის შემდეგ პირველი ავსტრალიელი ჩოგბურთელია, რომელმაც ავსტრალიის ღია პირველობა ქალთა შორის მოიგო. საინტერესოა, მან ამის გაკეთება ისე მოახერხა, რომ მთელი ტურნირის განმავლობაში სეტიც არ წაუგია.