ფრანგმა კრისტინა მლადენოვიჩმა და ხორვატმა ივან დოდიგმა, ავსტრალიის ღია პირველობის შერეულ წყვილთა ფინალში ადგილობრივებს, ჯეიმი ფურლისს და ჯეისონ კაბლერს 6-3, 6-4 მოუგეს და ჩემპიონები გახდნენ.
მლადენოვიჩისთვის ეს დიდი სლემის მესამე ტიტულია შერეულ წყვილებში. მასვე ქალთა წყვილებში დიდი სლემის ხუთი ტურნირი (ორჯერ მელბურნში) აქვს მოგებული. რაც შეეხება დოდიგს, ის შერეულ წყვილებში მეოთხე ტიტულს დაეუფლა, მამაკაცთა წყვილებში კი ორჯერ გახდა ჩემპიონი. მათ შორის, ერთი ტიტული სწორედ მელბურნში, შარშან მოიპოვა.
შეხვედრა როდ ლეივერის სახელობის კორტზე, დახურულ ჭერქვეშ ჩატარდა. ჭერის დახურვა, წვიმის გამო გახდა საჭირო. მლადენოვიჩმა და დოდიგმა თამაშში გარდატეხა მერვე გეიმში შეიტანეს, როდესაც მეტოქეთა მოწოდება მოიგეს. მეცხრე გეიმში კი ფრანგის უბადლო მოწოდების წყალობით, იოლად მიაღწიეს გამარჯვებას.
ავსტრალიური წყვილი ტურნირზე უაილდ ქარდით მოხვდა და მათთვის ფინალში გასვლაც წარმატება იყო. მათ მეორე სეტის დასაწყისშივე დათმეს საკუთარი გეიმი. მართალია, მეოთხე გეიმში შეძლეს ანგარიშის გათანაბრება, ეს მათი მაქსიმუმი აღმოჩნდა. მეხუთე ნომრად განთესილმა მლადენოვიჩმა და დოდიგმა სწრაფადვე დაიბრუნეს უპირატესობა და ამჯერად საქმე ბოლომდე მიიყვანეს. მათ დიდი სლემის ტიტული ერთად პირველად მოიპოვეს.