კალათბურთი

23:51 | 28.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის MVP-ის ტიტული ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესაში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ „სან პაბლო ბურგოსს“ ესტუმრა და 81:73 დაამარცხა. კანარიელებმა სოლიდური უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და იოლად იმარჯვეს. „ბურგოსმა“ ჩამორჩენა ბოლო მეოთხედში შეამცირა, რომელიც 30:21 მოიგო, თორემ „ტენერიფე“ კიდევ უფრო დიდი ანგარიშით გაიმარჯვებდა.

გიორგი შერმადინს დიდებული თამაში ჰქონდა. ქართველმა ცენტრმა 27:09 წუთში 23 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. მან შეტევაში შეუცდომლად ითამაშა: 8-დან 8 ორქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 29-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო და მატჩის MVP გახდა.

გარდა ამისა, 23 ქულით ორივე გუნდში საუკეთესო გახლდათ, ხოლო 7 მოხსნით თანაგუნდელებს ყველას აჯობა.

„ლენოვო ტენერიფე“ 9 მოგებით და 7 წაგებით სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 30 იანვარს, „ვალენსიას“ უმასპინძლებს.

0.116809