ფეხბურთი

18:19 | 28.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძე: "ბედნიერი ვარ ასეთ დიდ გუნდში გადასვლით და მინდა ფანები გავახარო"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელ გიორგი ჩაკვეტაძეს "ჰამბურგში" დებიუტი ჰქონდა, ამხანაგურ მატჩში "მიდტიულანდთან" (1:5), რომელშიც მეორე ტაიმი სრულად ითამაშა.

22 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ინსტაგრამში პოსტი განათავსა და კომენტარი გააკეთა გერმანულ გუნდში გადასვლაზე:

"ბედნიერი ვარ, რომ შევუერთდი ასეთ დიდ და ისტორიულ გუნდს! მინდა, მალე მოვირგო ჰამბურგის მაისური და გავახარო გულშემატკივრები", - დაწერა გიორგიმ ინსტაგრამში.

შეგახსენებთ, ჩაკვეტაძე „ჰამბურგს“ ბელგიური „გენტიდან“, რომელთანაც კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა.

„ჰამბურგი“ გერმანიის 6-გზის ჩემპიონი და ჩემპიონთა თასის გამარჯვებულია, მაგრამ ამჟამად მეორე ბუნდესლიგაში თამაშობს, სადაც 20 ტურში მოპოვებული 34 ქულით მეოთხე-მეექვსე ადგილებს „შალკესთან“ და „ჰაიდენჰაიმთან“ ერთად იყოფს, ლიდერ „დრამშტადტს“ 5 ქულით ჩამორჩება, ხოლო მეორეადგილოსან „ზანქტ პაულს“ 3 ქულით (მეორე ადგილიც ბუნდესლიგის საგზურს იძლევა). გარდა ამისა, „ჰამბურგი“ გერმანიის თასის მეოთხედფინალშია გასული. 6 თებერვალს ჰამბურგელები ლიდერ "დარმშტადტს" სტუმრად დაუპირისპირდებიან და სხვაობის შემცირებას ეცდებიან.

აქვე გეტყვით, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ „გენტში“ 2017 წლიდან 81 თამაში ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი 15 შეხვედრაში 1 გოლით და 5 საგოლე პასით გამოირჩა. საქართველოს ნაკრებში მის ანგარიშზე 13 თამაში და 5 გოლია.

0.111924