ფეხბურთი

23:49 | 26.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ავთანდილ ასათიანი: "ყოველთვის გვჯერა, რომ გამარჯვება შეგვიძლია"

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა ბოსნიასთან გამარჯვების (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ქართველმა სპეციალისტმა აღნიშნა, მის გუნდს ყოველთვის სჯერა, რომ გამარჯვება შეუძლია და ევროპის ჩემპიონატზე ორი ქამბექიც ამის დამსახურებაა.

„ორივე მატჩში ქამბექი? ეს ქართული ხასიათის დამსახურებაა. ყოველთვის გვჯერა, რომ შეგვიძლია თამაშის მოგება, თუნდაც ვაგებდეთ, ეს ამ ტურნირამდეც დავამტკიცეთ, მაგალითად, რუმინეთთან 0:3-ს როცა ვაგებდით. მუდამ გვჯერა, რომ გამარჯვება შეგვიძლია.

ბოსნია ძალიან, ძალიან ძლიერი გუნდია და რთული თამაში იყო, მაგრამ მთავარია, რომ 3 ქულა მოვიპოვეთ. არ ვიცი, მეტოქეს როგორი სათამაშო გეგმა ჰქონდა მატჩამდე, მაგრამ ელისანდროზე დიდი აქცენტი ჰქონდათ გაკეთებული, მან ტრავმა მალევე მიიღო და შემდეგ გარკვეულწილად მოგვიწია სხვა სქემაზე გადასვლა, რამაც ფაქტია გაამართლა და ძალიან კარგია, რომ ერთ ფეხბურთელზე არ ვართ დამოკიდებული. ელისანდროს ტრავმაზე ჯერ არაფერი ვიცი, სასტუმროში მივალთ და ექიმები გვეტყვიან პასუხს. სიმართლე გითხრათ, ესპანეთის ნაკრებთან მატჩზე მუშაობა ჯერ არ დაგვიწყია, აქამდე მხოლოდ ბონსიაზე ვიყავით კონციენტრირებული და ახლა, როცა ემოციები ჩაცხრება, ხვალიდან ესპანეთთან მატჩზე ვიმუშავებთ“, - თქვა ასათიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 2010 წლის შემდეგ პირველი გუნდი გახდა, რომელმაც სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე საწყისი ორი მატჩი მოიგო. ავთანდილ ასათიანის გუნდმა ჯერ აზერბაიჯანს 3:2 მოუგო, მეორე ტურში ბოსნიას 2:1 და ორივე მატჩში ქართველები მარცხდებოდნენ. შედეგად, საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გავიდა, რადგან ორ ტურში 6 ქულა აქვს და D ჯგუფის ლიდერია, ბოლო ტურის მატჩს კი 29 იანვარს, ესპანეთთან გამართავს, რომელშიც ფრე საქართველოს ჯგუფში პირველ ადგილზე გაიყვანს, მარცხის შემთხვევაში კი პლეი-ოფში მეორე ადგილით გავა.

0.11635