ინგლისის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, როი ჰოჯსონი, შესაძლოა, „უოტფორდის“ დამრიგებელი გახდეს. კლუბი 74 წლის სპეციალისტთან მოლაპარაკებას აწარმოებს - წერს The Athletic.
ორშაბათს, 24 იანვარს, „უოტფორდის“ ხელმძღვანელობამ ამ პოსტიდან 70 წლის კლაუდიო რანიერი დაითხოვა, რომელმაც თავის მხრივ, 2021 წლის ოქტომბერში თბილისის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელი, შემდეგ კი მწვრთნელი, ჩისკო მუნიოსი შეცვალა.
კლუბში ყოფნის 112 დღის განმავლობაში, იტალიელმა სპეციალისტმა 14 მატჩის გამართვა მოასწრო, აქედან 11 წააგო, ორი მოიგო და ერთხელ ფრედ ითამაშა. „უოტფორდი“ ამჟამად პრემიერლიგის ცხრილში 14 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა.
ჰოჯსონის ბოლო სამუშაო ადგილი კი „კრისტალ პალასი“ გახლდათ, რომელიც გასული სეზონის ბოლოს დატოვა, მაშინ ითქვა, რომ მან სამწვრთნელო კარიერა დაასრულა.