კალათბურთი

10:36 | 25.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

NBA: ბითაძე სასტარტო ხუთეულში და კვლავ სოლიდური დრო, გოგა “ინდიანას” 12 ქულით დაეხმარა (+VIDEO)

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში კვლავ სოლიდური სათამაშო დრო მიეცა გოგა ბითაძეს, რომლის “ინდიანა პეისერსიც” “ნიუ ორლეან პელიკანსს” შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 117:113 დამარცხდა.

შეხვედრა ინდიანაპოლისელებმა კარგად დაიწყეს და როგორც პირველი პერიოდი, ისე პირველი ტაიმი მხოლოდ 1 ქულით მოიგეს - 62:61. გადამწყვეტი კი მესამე მეოთხედი გამოდგა, რომელიც “ნიუ ორლეანმა 22:17 იმარჯვა. ბოლო პერიოდი კი ფრედ - 34:34 დასრულდა.

გადამწყვეტი რაუნდის დასაწყისში „პელიკანსი“ 86:79 დაწინაურდა, თუმცა „ინდიანამ“ მალევე მოახერხა დაწევა და ბოლო წამებამდე თამაში ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. საფინალო სირენამდე 20 წამით ადრე კრის ლავერტმა სამქულიანი ჩააგდო და „პეისერსმა“ სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა, თუმცა საპასუხო შეტევებში მასპინძლებმა საჯარიმოს ხაზიდან მიღებული შანსი ხელიდან არ გაუშვეს და, როგორც მოგახსენეთ, 117:113 გაიმარჯვეს.

ამ შეხვედრაში დომანტას საბონისი და მაილს ტერნერის არყოფნით კვლავ ისარგებლა გოგა ბითაძემ, რომელმაც თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 21:54 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. 22 წლის კალათბურთელმა 7-დან 4 სროლა ზუსტად გამოიყენა. მან 6-დან 4 ორქულიანი და 6 დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა. ბითაძემ 5 პერსონალური ფოლი მიიღო. ჩვენებურის +- მაჩვენებელი -4 გამოდგა. დაძაბულ შეხვედრაში მწვრთნელი რიკ კარლაილი ბითაძეს ბოლომდე ენდო. მეოთხე პეიოდში მან საქართველოს ნაკრების წევრი თითქმის შეუცვლელად ათამაშა.

გოგაზე კარგი მაჩვენებელი “პეისერსიდან” 4 კალათბურთელს ჰქონდა. ყველაზე შედეგიანი “ინდიანადან” 21 წლის გამთამაშებელი დუაინ ვაშინგტონი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 21 ქულასთან ერთად 2 მოხსნა და 3 პასიც შესძინა. 19 ქულა, 6 მოხსნა და 8 პასი ჰქონდა კარის ლევერტს.

“ნიუ ორლეანიდან” კი 26 წლის გამთამაშებელი დევონტ გრეჰამი გამოირჩა. ამერიკელმა საკუთარი გუნდის გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა და გუნდს 25 ქულით, 3 მოხსნითა და 6 პასით დაეხმარა. 22 ქულით, 10 მოხსნითა და 2 შედეგიანი გადაცემოთ ორმაგი დუბლი შეასრულა ჯოშ ჰარტმა. 16 ქულით, 12 მოხსნითა და 6 პასით ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა იონას ვალანჩუნასს.

“პეისერსს” ზედიზედ ორი წაგების შემდეგ 17 გამარჯვების წილ 31 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა. ბითაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 27 იანვარს “შარლოტ ჰორნეტსის” წინააღმდეგ ჩაატარებს. “პელიკანსს” კი 18 მოგებითა და 28 წაგწბით დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილი უჭირავს, ხოლო 26 იანვარს სტუმრად “ფილადელფიას” დაუპირისპირდება.

0.125388