ავტოსპორტი

2:07 | 24.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

სებასტიან ლოებმა მონტე კარლოს რალი მოიგო

მონტე კარლოში სტარტი აიღო რალის მსოფლიო ჩემპიონატმა, რომლის პირველ ეტაპზეც, გამარჯვება ფრანგმა სებასტიან ლოებმა მოიპოვა. მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი 47 წლისაა და გახდა რალის მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპების ყველაზე ხნიერი გამარჯვებული.

ლოებისთვის (M-სპორტ ფორდი), ვინც ახლახანს დაკარის რალი მარათონი მეორე ადგილზე დაასრულა, 2020 წლის შემდეგ, რალის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ეტაპზე იასპარეზა. ეს მონტე კარლოში მისი მერვე გამარჯვებაა, რითაც თავისი თანამემამულის, რვაგზის მსოფლიო ჩემპიონ სებასტიან ოჟიეს რეკორდი გაიმეორა.

ლოებიც და ოჟიეც (ტოიოტა), მიმდინარე სეზონის რამდენიმე რბოლაში გამოსვლას გეგმავენ და შესაბამისად, ტიტულისთვის ბრძოლა მათს გეგმებში არ შედის.

ბოლოსწინა ეტაპზე, ლიდერი ოჟიე იყო, ვინც ლოებს დაახლოებით ნახევარ წუთს უგებდა და თითქმის გარანტირებული ჰქონდა გამარჯვება. მაგრამ სამწუხაროდ, წინა მარცხენა ბორბალი დაეშვა. ამით ლოებმა ისარგებლა და დაწინაურდა, ბოლო ეტაპზე კი ლიდერობა ხელიდან აღარ გაუშვა. საბოლოოდ, მან ოჟიეს 10.5 წამით აჯობა.

„ძალიან მიხარია. ამ რბოლაში ბევრს არაფერს ველოდი. მაგრამ შესანიშნავი ბრძოლა გამოგვივიდა. ოჟიე ძალიან სწრაფი იყო. მე კი გუშინ და დღეს დილით პრობლემები მქონდა“, - განაცხადა ლოებმა. რბოლა მესამე ადგილზე დაასრულა ლოების ირლანდიელმა თანაგუნდელმა კრეიგ ბრინმა.

ლოებს მონტე კარლოში ნავიგატორად ქალი თანამემამულე, მათემატიკის მასწავლებელი იზაბელ გალმიში ჰყავდა, ვინც 1997 წლის შემდეგ, რალის მსოფლიო ჩემპიონატზე, კვარცხლბეკზე ასული პირველი ქალი სპორტსმენია. 25 წლის წინათ, ეს იტალიელი პიერო ლიატის ნავიგატორმა, ფაბრიცია პონსმა, ასევე მონტე კარლოს რალიზე შეძლო.

ლოებმა კარიერაში, მსოფლიო ჩემპიონატზე მე-80 რბოლა მოიგო. ამასთან ეს მისი პირველი გამარჯვებაა 2018 წლის შემდეგ, როცა „სიტროენის“ მანქანით ასპარეზობდა.

რალის მსოფლიო ჩემპიონატის მომდევნო ეტაპი შვედეთში, 24-27 თებერვალს ჩატარდება.

0.120569