სხვა

12:05 | 23.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის ზედიზედ მე-7 უარყოფითი ბალანსი - ქართველმა ელიტაში ადგილი მაინც შეინარჩუნა (+VIDEO)

ლევან გორგაძემ ჰაცუ ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა. ქართველმა სუმოისტმა წლის პირველი სუპერტურნირის ბოლო საშეჯიბრო დღემდე 7 გამარჯვებითა და ამდენივე მარცხით მიაღწია, თუმცა დღეს - მე-2 მაეგაშირა იჩინოჯოს შეხვდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც ტოჩის, ისე ჩვენებურის დღევანდელ მეტოქეს 7:7-ზე ბალანსი ჰქონდათ და გამარჯვება ორივე მათგანს ძალიან სჭირდებოდა. ორთაბრძოლა ლევანის უპირატესობით დაიწყო. მან მავაშში ხელის ჩავლება და იჩინოჯოს დოჰიოს კიდისკენ გაყვანა სცადა, მაგრამ საბოლოოდ ხანგრძლივი დაპირისპირების შედეგად მის მიღმა თავად აღმოჩნდა.

ეს წყვილის 26-ე დაპირისპირება იყო, რომელთაგანაც გორგაძეს 16 მოგებული აქვს, ხოლო 10 შეხვედრაში დამარცხდა.

ამრიგად, ტოჩინოშინმა იანვრის ბაშო 7 მოგებითა და 8 წაგებით დაასრულა, თუმცა ელიტაში ადგილის შენარჩუნება მაინც შეძლო, რადგან დადებითი ბალანსის შანსი ბოლო დღემდე ჰქონდა. გარდა ამისა ბოლო სამი შეხვედრიდან 2 მოიგო. ადგილის შენარჩუნების მიუხედავად, ჩვენებურს რეიტინგში მაინც დააქვეითებენ.

0.143558