ბლოგი

14:05 | 23.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელი - უკანასკნელი გიჟმაჟი

მარიო ბალოტელი დიდი და ლეგენდად ქცეული ფეხბურთელი არასოდეს ყოფილა, მაგრამ გამორჩეული ვინმე მუდამ იყო და მისი საფეხბურთო კარიერა ერთთავად მედიის ყურადღების ქვეშ ექცევა. იტალიის საფეხბურთო ნაკრებში დღეს ამ შავტუხა კაცზე ბევრად კარგი შემტევები თამაშობენ და 31 წლის მარიოს სავარაუდოდ იქ აღარავინ მიიწვევს, თუმცა ბალოტელი კარიერის მიწურულს მაინც ახერხებს “გაბრძოლებას“ და შესაძლოა, ფეხბურთიდან მაჟორულ ნოტაზე წავიდეს.

თუკი ბრიტანულ მედიას დავუჯერებთ, მარიო ბალოტელის შეძენით ამჟამად მსოფლიოში ყველაზე მდიდარი კლუბი - “ნიუკასლ იუნაიტედია“ დაინტერესებული. ადრე ვინმეს ჩვენთვის რომ ეთქვა, დადგება დრო, როდესაც მსოფლიოში ყველაზე მდიდრები ერთ დროს თემურ ქეცბაიას შავ-თეთრი “კაჭკაჭები“ იქნებიანო, შეიძლება სასაცილოდაც არ გვყოფნოდა, მაგრამ როგორც იცით, ბოლო მონაცემებით ყველაზე მდიდარი მფლობელი (თუ მფლობელები) სწორედ “ახალციხელებს“ ჰყავთ და მათი მხრიდან ვეტერანი იტალიელით დაინტერესება, რა გასაკვირია, რომ უბრალო ამბად არ უნდა ჩაითვალოს.

რა არ გადახდენია თავს განაში შობილ და იტალიაში გაზრდილ “სუპერ მარიოს“. ჰქონია წარმატებების პერიოდი, როდესაც “სკუადრა აძურამ“ევროპის ჩემპიონატზე უძლიერეს გერმანიის ეროვნულ ნაკრებს წირვა სწორედ მისი ორი გოლით გამოუყვანა. იტალიის და ინგლისის უმთავრეს პირველობებშიც გუნდები ერთმანეთს ეჯიკავებოდნენ - არა ჩვენ უნდა ვიყიდოთ ბალოტელი არა ჩვენო. თუმცა, დროის მდინარებამ მაინც თავისი ქნა, მარიოს წლები მოემატა, ვარჯიში კვლავინდებურად ეზარებოდა და ასე ამოჰყო თავი საფრანგეთის ჩემპიონატში. შემდეგ კიდევ იყო გაურკვევლობის წლები და ბოლოს, ვინც ბალოტელით დაინტერესდა და თავის ფორმა კიდეც მოაზომა, თურქული “ადანა დემირსპორტი“ გახლდათ. მარიო ახლა ამ უსახელო ოსმალურ კლუბში ირჯება და “ნიუკასლის“ ხელმძღვანელობას მარიოს ინგლისში დასაბრუნებლად სწორედ თურქებთან მოუწევთ მოლაპარაკება.

თანამედროვე ფეხბურთს დიდი ვარსკვლავები ნამდვილად არ აკლია, თუმცა მაგარ-მაგარი მობურთალების უკან როგორც წესი მხოლოდ ბევრი შრომა, მუდმივი ვარჯიში და სუპერ-პროფესიონალობისკენ სწრაფვის სურვილია. თანამედროვე ფეხბურთს რაც აშკარად აკლია, ეპატაჟური, უცნაური, დაუმორჩილებელი ხალხია, რომელთათვისაც ფეხბურთი სახელფასო ბარათებზე მეტია და რომლებიც ფეხბურთს ჯერ კიდევ იმიტომ თამაშობენ, რომ ბავშვობიდან ყველაზე კარგად სწორედ ეს საქმე გამოსდიოდათ. მარიო ბალოტელი ამგვარი ფეხბურთელია და ერთ-ერთი უკანასკნელი გიჟმაჟია თავის თაობაში.

როგორც იცით, მარიოსთვის ინგლისის პრემიერლიგა უცხო ტურნირი არაა და ბრიტთა კუნძულთან ამ კაცს სხვა ყველაფერთან ერთად შვილიც აკავშირებს. მარიოს ლონდონში მცხოვრებ ბელგიელ მოდელთან, რაფაელა ფიკოსთან ერთი საერთო შვილი ჰყავს და ფეხბურთელმა ამასწინათ დარცხვენით აღიარა, რომ ხანდახან ხუთი და ექვსი თვე ისე გადის, რომ შვილის ნახვას ვერ ახერხებს, რაც მის კარგ მამობაზე ნამდვილად არ მეტყველებს. ახლა კი, თუკი “სენტ ჯეიმს პარკზე“ მართლა ამოჰყოფს თავს, შეეძლება მტერსაც და მოყვარესაც დაუმტკიცოს, რომ აქტიური საფეხბურთო კარიერის მიწურულს მაინც შეუძლია წარმოჩინდეს როგორც დამჯდარი, ფიქრის შემძლე და მომავალზე მზრუნველი ადამიანი. ამის შანსს მარიო ბალოტელის ცხოვრება კიდევ ერთხელ აძლევს და რამდენად შეძლებს შანსის გამოყენებას, ეს მხოლოდ ღმერთმა უწყის...

0.125485